არმაზ ახვლედიანი – ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია – ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ერთიანობა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ უკუღმართ მმართველობას, რომელიც ათწლეულებია, ქვეყანაში არსებობს.
„დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია. ერთობა, ერთიანობა – ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის სახით. მეც ამ იდეას ვემხრობი და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა, რომ ხერხემალში გადავტეხოთ პოლიციური რეჟიმი – ეს ის გზაა, რომ ყველამ ერთად, ვინც აქ ვართ და აქ არ ვართ, ყველამ მთელს საქართველოში შევძლოთ, კეთილგონიერებით, სიმართლით, სიმტკიცით, ერთიანი ფრონტით საყრდენი გამოვაცალოთ ამ რეჟიმს და აღვადგინოთ საყრდენი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, ჩამონგრეული რომ არის დღეს. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მრავალპარტიული დემოკრატია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კულტურისა და განათლების პრიმატი და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობა. მე გავიხსენებ ყველა დროის ყველაზე დიდი მეფის დავით მეფსალმუნის სიტყვებს: „ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“ – როცა კაცს და კაცთა ერთობას ამის გააზრება შეუძლია, მაშინ გაურღვეველი წრე არ არსებობს. მე მჯერა, რომ ეს ერთობა დიდი ქართული სახალხო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა, რომელიც აქ და ახლა იბადება, შეძლებს, საბოლოოდ დაუსვას წერტილი ათწლეულების უკუღმართობას, ყველა წინა გაუგებრობა, შეცდომა სწორად გააზრებული იყოს, რომ ვიაროთ სწორი გზით, პატრიოტული სულისკვეთებით და რომ საქართველო იყოს ფეხზე დამდგარი, ევროპული, გამართული სახელმწიფო. მე მჯერა, ჩვენი თავდადებით ეს დღე მალე დადგება. ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას და ეს ახალი გავითვალისწინოთ, რომ იქნება სწორი და სამართლიანი, ეს იქნება ყველას მთავრობა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი