ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი ემზადება იმ დღისთვის, რომ თავად დანიშნოს არჩევნები და ყველა მექანიზმის მობილიზებით, დაშინებით, გაყალბებით, ომის პროპაგანდით, კვლავ “გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახალ არჩევნებს მაშინ დანიშნავს, როცა ჩათვლის, რომ გამარჯვებისთვის ყველა რესურსი მობილიზებული აქვს.
„ჩემი ვარაუდით, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე – კანონების მიღმა, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება, ივანიშვილის დაკვეთით ქვეყანაში წამოსული შიდა პროცესები, მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი ემზადება იმ დღისთვის, როდესაც ის ჩათვლის თავის ვიწრო გუნდთან ერთად, რომ ყველა ფრონტზე, ყველა რესურსი აქვს მობილიზებული მაქსიმალურად იმისთვის, რომ დანიშნოს თავად არჩევნები. ამით უთხრას ყველას შიგნით და გარეთ რომ „აი, ნახეთ, დავნიშნე არჩევნები“, კოსმეტიკური ცვლილებები გაატაროს მხოლოდ. ცხადია, ამას ჭკუათმყოფელი და წესიერი არავინ დათანხმდება და ბევრი არ დავთანხმდებით, მაგრამ ამის მიუხედავად ის ეცდება, თავისი გაიტანოს. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეალისტური გეგმა სწორედ ესაა. საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილი ყველა მანქანის, მექანიზმის მობილიზებით, დაშინებით, ომის პროპაგანდით, შესაძლოა კი არა, კვლავ “გაიმარჯვებს”. ეს იქნება იმის საფუძველი, რომ ფაქტობრივად, სხვადასხვა აქტორი, შიგნით თუ გარეთ, (ვერ ვიტყვი რომ წესიერი, უწესოები ყოველთვის მოიძებნებიან) დათანხმება და იტყვიან, რომ ასე თუ ისე ლეგიტიმურიაო”, – განაცხადა ახვლედიანმა.
მან, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების შედეგად, „ქართული ოცნება“ გაუსწორდება ნებისმიერს – პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და მათთვის მიუღებელ მოქალაქეებს.
„მხოლოდ დასაწყისია სამშობლოს ღალატის მუხლი რომ შემოაქვთ. ფაქტობრივად, ეს არის საბჭოთა 30-იანი წლების მსგავსი რიტორიკაც და ქმედებაც. რა თქმა უნდა, ამ მუხლით ისინი გაუსწორდებიან, გადათელავენ ნებისმიერს, იქნება ის ოპონენტი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მათთვის მიუღებელი მოქალაქე. ამით დათესავენ ტერორის, შიშის კიდევ ახალ ტალღას ქვეყანაში, მაგრამ აქ არ გაჩერდებიან. მე ვთქვი და გავიმეორებ – „ქართულ ოცნებას“ აქვს დაგეგმილი, რომ რაღაც მომენტში გამოვიდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან, ანუ გაწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ევროპის საბჭოსთან, რომლის სრულფასოვანი წევრი საქართველო, დიდი ძალისხმევით, უკვე 26 წელია არის. ეს შესაძლოა, გახდეს იმის მასტიმულირებელი, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, პროპაგანდის დონეზე მათ დაიწყონ საუბარი, რომ სიკვდილით დასჯის შემოტანაც კი სურთ. აბსოლუტურად არაფერი გაგიკვირდეთ. ყველა მექანიზმს აამუშავებს იმისთვის, რომ ვინც დღეს ვაპროტესტებთ, დაგვადუმოს, გაგვაქციოს, დაგვაპატიმროს და როგორღაც იმოქმედოს. ყველაფერს იზამს ამისთვის. თუ ჩვენ ამას გავატანინებთ, თუ ჩვენ ამის უფლებას მივცემთ, იცოდეთ, რომ მისთვის სასურველი კონდიცია რომ შეიქმნება, მერე არჩევნებსაც დაინიშნავს და ყველაფერს თავისებურად ჩაატარებს და სამწუხაროდ, შედეგი იქნება კოშმარული,“ – განაცხადა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან დაამტკიცა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ამხილოს, გააშიშვლოს და შეარყიოს სისტემა.
მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც უნდა შეძლოს მზია ამაღლობელის მსგავსად ბოლომდე, შეგნებულად, გაუტეხავად თავგანწირვა საქართველოს გადარჩენისთვის, ეს არის ოპოზიცია. ახვლედიანის განცხადებით, ცხადზე ცხადია, რომ „ვეღარ იქოქება ის მანქანა, რომელმაც პოლიტიკური ნაგავი – „ქართული ოცნება“ უნდა გაიტანოს“.
„უპირველესად, მინდა კიდევ ერთხელ, მტკიცე სოლიდარობა გამოვხატო მზია ამაღლობელის და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმრის მიმართ. მზია ამაღლობელმა მთელ ქვეყანას დაგვიმტკიცა, რომ როცა ხარ გაუტეხავი, როცა უანგაროდ იბრძვი იდეალებისთვის, სამართლიანობისთვის და საქართველოს ნორმალურობისთვის, რაც არის ევროპულობა და დემოკრატიულობა, მაშინ შენ ყველა შემთხვევაში გამარჯვებული ხარ და ვინც გებრძვის, ანუ რეჟიმი, ყველა შემთხვევაში დამარცხებულია, მაშინაც კი, როცა ის ფორმალურად ძალაუფლებაშია. მზია ამაღლობელმა დაამტკიცა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ამხილოს, გააშიშვლოს და შეარყიოს სისტემა. ის არის მაგალითი, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ გაუტეხაობის, თანმიმდევრულობის და ქვეყნისთვის უანგარო სამსახურის ნაწილში. ბევრისთვის მაგალითი უნდა იყოს და გახდება.
ერთადერთი, ვინც უნდა შეძლოს მზია ამაღლობელის მსგავსად ბოლომდე, შეგნებულად, გაუტეხავად თავგანწირვა საქართველოს გადარჩენისთვის, ეს არის პოლიტიკური კლასი, კერძოდ, ოპოზიცია, რომელსაც მე სულაც არ მინდა ყველა ცოდვა ავკიდო და ყველაფერი დავაბრალო, მაგრამ ერთი რამ არის ცხადზე ცხადი – ვეღარ იქოქება ის მანქანა, რომელმაც უნდა გაიტანოს ნარჩენები, პოლიტიკური ნაგავი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ახვლედიანმა.
კითხვაზე, არსებული პოლიტიკური კლასის პირობებში პროცესების როგორ განვითარებას პროგნოზირებს, ახვლედიანი პასუხობს, რომ თუ ოპოზიციაში გადატვირთვა არ მოხდა, მაშინ მოქალაქეების თავგანწირვა, შესაძლოა, რაღაც თვალსაზრისით, უშედეგო აღმოჩნდეს.
