არმაზ ახვლედიანი – დღევანდელი მოღალატე რეჟიმი არა თუ ოკუპაციას შეეგუა, თავადაა ოკუპანტის მთავარი მოკავშირე

დღევანდელი მოღალატე რეჟიმი არა თუ ოკუპაციას შეეგუა, თავადაა ოკუპანტის მთავარი მოკავშირე – ივანიშვილ-კობახიძის დანაშაულებრივი სინდიკატი ახლა უკვე უომრად, საკუთარი ნებით, მომხვეჭელობის ვნებით შეპყრობილი ასრულებს პუტინის წამოწყებულ ბარბაროსულ გეგმას საქართველოში, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
ახვლედიანი აღნიშნავს, რომ სწორედ პუტინის რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოსთან 2008 წელს, თუმცა 1993-შიც არსით პუტინისტური იყო.
მისი თქმით, საქართველო რუსეთის ოკუპაციას არასდროს შეეგუება.
„ქართული ოცნება“ საბოლოოდ კლავს საქართველოს ნორმალურობის პერსპექტივას, კლავს დემოკრატიას, სამართალს, ანადგურებს სახელმწიფოებრიობის საყრდენებს და აცამტვერებს ქართულ მთასა და ბარს, ამ გაუმაძღრების მიერ გავერანებული და მოოხრებული ც კი კმარა ამის მაგალითად.
მხოლოდ ბოროტი, ქვეყნის მოძულე, უღმერთო ადამიანი თუ მოიქცევა ისე, ესენი რომ მოექცნენ ბახმაროს. მსოფლიო მასშტაბის უნიკალური კურორტი ჩახერგეს ათასობით უკანონო მშენებლობით, გაანადგურეს უნიკალური ტყე, აღარ დატოვეს დასვენებისთვის აუცილებელი სივრცეები, ნაგავშია კურორტი და ამ უბედურებასთან ერთად, ეს სულგაყიდულები ახლა ჰესს აშენებენ ბახმაროსთან, რომელიც საბოლოოდ, გამოუსწორებლად დაღუპავს უნიკალურ კურორტს.
და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ამათი ფაშვი ვერაფრით ამოიყორა, იმიტომ, რომ აღარაფერია მათთვის წმინდა, ოღონდ თავისი გაიტანონ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ და იცხოვრონ განცხრომაში. იმიტომაც, რომ ჩვენ გავაბედვინეთ…
უსამართლოდ დატყვევებული პოლიტპატიმრების ადგილებს ახლა ყველა ის დიდმოხელე უნდა იკავებდეს (დღეს თუ არა, ხვალ, აუცილებლად აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე ბათუმისა და აჭარის, აგრეთვე ბახმაროს, ჩოხატაურისა და გურიის და მთელი ქვეყნის ყველა თანამდებობის პირი), რომლებმაც ეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ხალხს, სამშობლოს, თბილისს, ბათუმს, ბახმაროს…
ივანიშვილ-კობახიძის ოცნება კლავს
საქართველოს, კლავს იმედს და მომავალს.
ჩვენ, ვინც არ გავიყიდეთ, არ ვუღალატეთ სინდისს, არ შევეგუებით თქვენს პარპაშს, წერტილს დავუსვამთ თქვენს მკვლელ რეჟიმს და 2008 წლის აგვისტოს ომის, მანამდე და მერე, ყველა ფრონტზე, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების, აგრეთვე დღევანდელი პოლიტპატიმრების სახელით მალე გამოგიტანთ სამართლიან განაჩენს, გაგყრით საშოვრად გადაქცეული პოლიტიკური ველიდან და აღარასდროს არავის გავაბედვინებთ საქართველოს გაჩანაგებას, არამედ ვაქცევთ მას წარმატებულ, მშვიდობიან, აფხაზებსა და ოსებთან კეთილად გაერთიანებულ, გამთლიანებულ, ევროპულ სამართლებრივ სახელმწიფოდ!“, – წერს არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში.