ჩაწიხლული სამართლის და დემოკრატიის პირობებში, მომინდომეს პოლიტიკოსებმა, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისი გამოსტაცონ ივანიშვილს და ვერ ხვდებიან, რომ ბინძურ, უკვე წაგებულ თამაშში შედიან – ვერც იმას იაზრებენ, რომ ამის არც რესურსი აქვთ, არც შესაძლებლობა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რითაც ორი პარტიის – „ლელოს/ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეაფასა.
მისივე თქმით, ისინი ვერ შეძლებენ, უახლოეს ხანებში ამ რეჟიმის ჩამოშლას, რადგან მათ ამის არც რესურსი გააჩნიათ და არც საზოგადოების მხარდაჭერა.
როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ფუნდამენტური ცვლილება უნდა მოხდეს და ახალი ძალა შემოვიდეს.
„როცა მათ მიერ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შევიდნენ ამ დანაშაულებრივ პროცედურაში, რომელსაც ივანიშვილი ადგილობრივ არჩევნებს არქმევს, ეს ჩემთვის სულაც აღარ არის ოპოზიციონერობა. შეიძლება პირდაპირ ან ირიბად, ნებსით თუ უნებლიედ, შენ თამაშობდე ამ რეჟიმის თამაშს. სამარცხვინოა, სამწუხაროა და ზურგში მახვილია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. მე ამას რბილად ვამბობ. გაუქმებული, ჩაწიხლული სამართლის და დემოკრატიის პირობებში მომინდომეს პოლიტიკოსებმა, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისი გამოსტაცონ ივანიშვილს და ვერ ხვდებიან, რომ ბინძურ, უკვე წაგებულ თამაშში შედიან. ვერც იმას იაზრებენ, რომ ამის არც რესურსი აქვთ, არც შესაძლებლობა. ისინი ვერ შეძლებენ, უახლოეს ხანებში ამ რეჟიმის გაჩერებას, ჩამოშლას, იმიტომ, რომ მათ ამის არც რესურსი და არც საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. უნდა მოხდეს ფუნდამენტური ცვლილება ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე და შემოვიდეს ახალი ძალა,“ – განაცხადა ახვლედიანმა.
ოპოზიციონერო პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის და მის გვერდით მყოფი ადამიანები ყველაფერს იზამენ, რომ „საქართველოში მოხდეს დიდი ეროვნული თანხმობა, რასაც ივანიშვილის პუტინისტურმა რეჟიმმა ძირი გამოუთხარა“.
„ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს, რომ „ოცნების“ დღევანდელი მომხრეები ჩვენი მოქალაქეები არიან. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა შეცდომა დაუშვა. ვგულისხმობ შეცდომას არჩევანის დროს. მე ამას ვამბობ ჩემი სახელით და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანების სახელით. მე არ ვსაუბრობ იმ პოლიტიკური ოპოზიციის სახელით. მე ვსაუბრობ სხვების სახელით და გეუბნებით, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ საქართველოში მოხდეს დიდი ეროვნული თანხმობა, რასაც ივანიშვილის ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა და პუტინისტურმა რეჟიმმა ძირი გამოუთხარა,“ – აღნიშნა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, მან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ თუ ივანიშვილს და კობახიძეს დასჭირდა, შესაძლოა, გახარიას საზღვარგარეთაც მისწვდნენ.
მისივე თქმით, ეს ბელარუსული გამოცდილება შესაძლოა, მარტო გახარიას კი არა, არამედ რუსთაველზე მყოფ ადამიანებსაც შეეხოს.
„თუ დასჭირდა ივანიშვილს და კობახიძეს, შესაძლოა, [გახარიას საზღვარგარეთ] მისწვდება კიდეც. ბაჩიაშვილის შემთხვევა ამას ადასტურებს კიდეც. ბაჩიაშვილის შემთხვევა არის კრიმინალური. რა უქნეს მას ციხეში?! ვინ დასჯის, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა და მისი ჯიბის ჯიბის სასამართლო?! რა ვირწმუნოთ?! ეს თუ არაა რუსული, აბა, რა არის მითხრას კობახიძემ, მდინარაძემ და ნებისმიერმა სხვამ. ეს ბელარუსული გამოცდილება მარტო გახარიას კი არ შეიძლება შეეხოს, შეეხება იმას, ვინც გახარიაზე უფრო მძიმე დარტყმას აყენეს ამ რეჟიმს. ვინ არიან ესენი?! რუსთაველზე მყოფი ადამიანები,“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამასთან, ახვლედიანმა გადაცემაში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ანტიევროპული პოლიტიკის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ასეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.
„ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იქნება პირდაპირი დანაშაული და პასუხისმგებლობა „ოცნების“ და არავინ სხვის. ევროკავშირი ჩვენ, მთელ საქართველოს და „ოცნებას“ გვეუბნება, ან გაითვალისწინებთ თქვენი ხალხის და ჩვენს მოთხოვნებს, რაც უკავშირდება დიალოგის აღდგენას, დემოკრატიული პროცესის განახლებას და ა.შ. ან თქვენვე აგეთ პასუხი იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და არა ერთი სხვა ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს,“ – აღნიშნა მან.
ახვლედიანმა ასევე, ქვეყნიდან მოქალაქეების გადინებასა და ემიგრანტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოდან ადამიანების საზღვარგარეთ წასვლას მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკა განაპირობებს.
„ამაზე გამახსენდა ექვთიმე თაყაიშვილს რომ სთავაზობდა საბჭოთა ხელისუფლება, დაბრუნებულიყო, რათა ეჩვენებინათ საბჭოთა წყობის უპირატესობა. ექვთიმე დაბრუნდა და ჩეკაში დაკითხვის შემდეგ გარდაიცვალა – რა პირობებში, ვიცით. მის დაკრძალვას რამდენი ათეული ადამიანი დაესწრო? მე ეს გამახსენდა სწორედ ამათ უდღეურ, სამარცხვინო მოწოდებაზე, რომ ვინმე დაბრუნდეს. ასევე, იმაზე, თითქოს, ვიზალიბერალიზაცია ასტიმულირებს საქართველოდან ადამიანების გადინებას. „ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ – ქვეყნიდან ადამიანების გადინებას ასტიმულირებს თქვენი რეპრესიული პოლიტიკა, დიდი უსამართლობა, მათ შორის ეკონომიკაშიც. როცა ადამიანს აქვს მკვდარი პერსპექტივა, ცხადია, ის იფიქრებს წასვლაზე. ეს თქვენი მიზეზითაა, თქვენი უბედურებით და სხვა არაფრით,“ – განაცხადა ახვლედიანმა.
