ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმოს „ცაცია ოსტატი“ დამფუძნებელი, შოთა შანშიაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რის წინაშეც მისი საწარმო დგას ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო.
საწარმოს დამფუძნებლის ცნობით, მართალია საწარმოს არასერტიფიცირებული სათამაშოების გამო, პროდუქცია ექსპორტზე ჯერ არ გაუტანია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ხის სათამაშოები ნაკლებად პოპულარულია, კომპანია სამომავლო პერსპექტივად საერთაშორისო ბაზრებს განიხილავს და ამ საკითხზე მუშაობს კიდეც.
„რებრენდინგი გვქონდა დაწყებული, რომელიც უკვე დავასრულეთ. გვაქვს ახალი ლოგოც და ახალი სახეობის პროდუქტები, რომელსაც VELI. Store-ისა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე ვყიდით. წელს, იმიტომ, რომ პროდუქციის სერტიფიცირება ვერ მოვახერხეთ, დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას არ ვიღებთ, იმიტომ, რომ უცხოელ ბაზარზე, პირველ რიგში, სერტიფიკატს კითხულობენ. სხვანაირად პროდუქტს ვერ გავყიდით.
ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა ძალიან გვიშლის ხელს. ის მომავალი ბაზრები, სადაც პროდუქციის გატანა გვინდა, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება, არ ვიცით. საფრთხე, რომ პროდუქცია ექსპორტზე ვეღარ გავიტანოთ, არსებობს. მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, საცალო გაყიდვით კი, საწარმომ, რომ თავი შეინახოს და გაყიდვები იმ დონემდე მიიყვანოს, რომ არსებობა ექსპორტის გარეშე შევძლოთ, რამდენად შესაძლებელია არ ვიცით. მართალია ექსპორტზე ჯერ პროდუქცია არ გაგვიტანია და იქიდან შემოსავლებიც არ მიგვიღია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობა. ჩემი კოლეგები საუბრობენ იმაზე, რომ წელს დაგეგმილ გამოფენებზე, სადაც ისინი მონაწილეობენ, ქართული სტენდით რამდენად დაინტერესდება საერთაშორისო ბაზარი, საკითხავია“, – ამბობს მეწარმე.
მისივე ცნობით, ექსპორტზე ვერგასვლა განვითარებაში ხელშეშლას არ გამორიცხავს. იმისათვის, რომ კომპანია ძლიერი საწარმო იყოს, ამის გარანტია მაინც ექსპორტია.