“არის ბაღები, სადაც თხილის 50%-მდე დაზიანებულია… მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება”- “ჯეო ნათსი”

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თხილის ბუჩქების უეცარი ხმობის პრობლემამ პიკს მიაღწია და ზოგიერთ ბაღებში ხმობის კოეფიციენტი 50%-საც აღწევს. გაერთიანება მეთხილე ფერმერებს მიმართავს და მათ ხმობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
თხილი ბაღების არსებულ პრობლემებზე საუბრობს ჩვენთან “ჯეო ნათსის” დირექტორი ჯენერ ბელქანიაც. მისი თქმით, პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება და მიზეზი თუ რატომ ხმება ბაღებში მცენარე ამ დრომდე დაუდგენელია. მისი შეფასებით, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თხილის მოსავლიანობაზე გავლენა ექნება.
“წლიდან წლამდე უარესდება მდგომარეობა ბაღებში. არის ბაღები, სადაც თითქმის 50%-მდე არის ბაღი დაზიანებული. რეგიონები, სადაც უფრო მეტი ზიანდება თხილი ამ დაავადებით, მაგრამ ეს არ არის პირველი წელი, თითქმის 10 წელია ეს პრობლემა არსებობს და არა მარტო საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, რადგან ისეთი დიდი მწარმოებლებისთვის, როგორიც არის: იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი, იგივე პრობლემის წინაშე დგანან და მანდაც ვერ მიაკვლიეს რა მიზეზით ხდება მისი ხმობა.
ერთი დღე არის ხე მწვანე, ჩვეულებრივად მსხმოიარე, ვერაფრისგან ვერ გაარჩევთ და მეორე დღეს გაყვითლებულია და მესამე დღეს უკვე ფოთლებს დაყრის. ჩვენს ბაღში ჯერ არ შეინიშნება ეს პრობლემა. რამდენიმე ძირზე იყო პრობლემა, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ზარალი მოგვაყენა – არა, მაგრამ იმის საშიშროება რომ ეს ხვალ, ზეგ უფრო მეტი იქნება, არსებობს,” – ამბობს “ჯეო ნათსის” დირექტორი ჯენერ ბელქანია.
იგი ასევე საუბრობს წლევანდელ მოსავალზეც და ამბობს, რომ მოსავლის აღების პროცესი 1 თვეში იწყება, თუმცა ამ მოცემულობით შარშანდელთან შედარებით თხილის მოსავალი 10-20%-ით მეტი იქნება. მისი თქმით, მოლოდინი არსებობს, რომ გაიზრდება თხილის ფასიც.
“ფასი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, თუმცა ისეთი მწარმოებლებიც, როგორიცაა, თურქეთი, ჯერ ვერ ამბობენ ვერანაირ ფასს, უბრალოდ არის პროგნოზი, რომ ფასი მაღალი იქნება. მაღალი ხარისხის თხილს ყოველთვის ექნება უფრო მაღალი ფასი. მოსავალი წელს უფრო მეტი არის, დაახლოებით 10-20%-ით მეტი, ჯერ ანალიზი ბოლომდე არ გაკეთებულა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ ზრდა 10%-ზე მეტია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ხარისხიან თხილს, პრემიუმ კლასის თხილს ექნება მაღალი ფასი, იმიტომ, რომ თურქეთშიც გამოჩნდა ძალიან მასშტაბურად ფაროსანა და იქაც ჭირს ხარისხიანი თხილი, ასევე წელს თურქეთს თხილის რაოდენობაც ცოტა აქვს,”- აცხადებს “ჯეო ნათსის” დირექტორი ჯენერ ბელქანია.