არიან გარკვეული ძალები, რომელთა ამოცანა, სიმართლის დამალვა და საინფორმაციო ველის დაბლოკვაა – საერთაშორისო მედია უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ზუსტად იგივე ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse-ის დავისას
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მაინც ზედაპირზე არიან გარკვეული ძალები, რომელთა უპირველესი ამოცანა, მაინც სიმართლის დამალვა და საინფორმაციო ველის დაბლოკვა გახლავთ, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია იმ დაბრკოლებებზე, რომელიც საერთაშორისო მედია კონსულტანტს შეექმნა საერთაშორისო მედიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ზუსტად იგივე ხდება ამ შემთხვევაში, რაც Credit Suisse-თან დავისას ხდებოდა, თუმცა, საბოლოოდ ჯანსაღი ძალები და რეალური სუვერენიტეტის მომხრეები გაიმარჯვებენ.
“ის, რომ ევროპაში ყველაფერი კარგად არ არის, ახლი ამბავი ნამდვილად არაა. პოლიტიკურ ძალათა უთანასწორო ბრძოლაში, საბოლოოდ მაინც ჯანსაღი ძალები და რეალური სუვერენიტეტის მომხრეები გაიმარჯვებენ, კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ახალი ფაზაც სავარაუდოდ მალე დაიწყება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მაინც ზედაპირზე არიან გარკვეული ძალები, რომელთა უპირველესი ამოცანა, მაინც სიმართლის დამალვა და საინფორმაციო ველის დაბლოკვა გახლავთ. ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ ევროპაში თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია აღარ არსებობს, შედეგად ვხედავთ თუ რაც ხდება ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებში. საერთაშორისო მედია უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.
ზუსტად იგივე ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse-ს დავისას. ვინც Credit Suisse-ს იცავდა, იგივე ძალები ახლა Julius Baer-ის დამცველებად გვევლინებიან და დროის მოგებას ცდილობენ, რათა, როგორმე, რაც შეიძლება დიდხანს დაიცვან ბანკის ინტერესი.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.