ხუთშაბათს არგენტინის სტატისტიკის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც არგენტინაში, ხავიერ მილეის პრეზიდენტობის პირველი ექვსი თვის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი 41.7%-დან 52.9%-მდე გაიზარდა.
მთავრობის აღმოჩენა, რომ მილეის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დამატებით კიდევ 5.2 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ჩავარდა, ულტრა-მემარჯვენე ეკონომისტებისთვის სერიოზული პრობლემაა იმის ფონზეც კი, როცა საერთაშორისო მონეტარული ფონდი, რომლის მიმართაც არგენტინას 43 მილიარდი დოლარის ვალი აქვს, ხავიერ მილეის ფისკალურ შოკურ თერაპიას მიესალმება.
„13 წელია საავადმყოფოში ვმუშაობ და ჩემი ხელფასი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. ამის გამო ბუენოს–აირესის მიღმა ზეგანაკვეთურად მუშაობა მიწევს. ცვლებში ყოფნისას ყველგან მიწევს წასვლა, რაც ძალიან შორსაა და ძალიან დამღლელია. როცა ვასრულებ მუშაობას, ისევ საავადმყოფოში ვბრუნდები და სამედიცინო პერსონალისთვის სიტუაცია, ასეთი ხელფასების გამო, ერთნაირია“, – ამბობს ემილს კორეა, ექიმი-ლაბორანტი.
„ნებისმიერი სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმის შედეგი სიღარიბის ზრდაა. ეს ხდება, როდესაც მთავრობა ამცირებს სოციალურ ხარჯებს, ფისკალურ დეფიციტს, ხელფასებს, პენსიებს, საჯარო სამსახურებს. საოცარია, არა?“- აცხადებს ავგუსტინ სალვია, სოციოლოგი.
არგენტინაში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 230%-ს გადააჭარბა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და დიდი როლი ითამაშა სიღარიბის ზრდაში, რომელიც 2003 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა.
„აქ ადამიანთა უმრავლესობას ოჯახები გვყავს, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხედავს. ბევრია ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ხედავენ, რომ ნაგვის ბუნკერებიდან ვჭამთ. ჩვენ ვპოულობთ სასმელს და ვსვამთ. მთელი დღე აქ ვცხოვრობთ და ვჭამთ ნაგავსაყრელიდან. ეს არის ჩვენი ერთადერთი სამსახური“, – აცხადებს ოსკარ არლოტა, არგენტინის მოქალაქე.
ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე სკანდალის თავიდან ასაცილებლად ხავიერ მილეის სპიკერმა პრესკონფერენცია ჩაატარა. განსხვავებით წინა მთავრობებისგან, რომლებიც ბიუჯეტის დეფიციტის მიუხედავად ხარჯებს არ ამცირებდნენ, ხავიერ მილეიმ შეწყვიტა სუბსიდირების პროგრამები ენერგეტიკასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თანამდებობის დაკავების შემდეგ პესო 54%-ით გააუფასურა. საბოლოოდ, მისმა მკაცრმა პოლიტიკამ გამოიწვია ხარჯების შემცირება და ღრმა ეკონომიკური რეცესია
წყარო: euronewsgeorgia