არგენტინის სენატმა ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ეკონომიკური რეფორმების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რითაც მილეი შეეცდება, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის მიცემული რადიკალური ცვლილებების დაპირება სისრულეში მოიყვანოს.
კანონპროექტს მხარი 37-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 36 იყო. ამასთანავე, კანონპროექტთან დაკავშირებით არგენტინის სენატში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა, რომელიც ამავდროულად სენატის თავმჯდომარეცაა, გადამწყვეტი ხმა მილეის რეფორმების სასარგებლოდ მისცა. თუმცა, შემდეგ ეტაპზე სენატორებმა კანონპროექტში გაწერილ თითოეულ ზომას ცალ-ცალკე უნდა დაუჭირონ მხარი.
მილეის რეფორმების კანონპროექტი ქვეყნის პრეზიდენტს ენერგეტიკის სექტორში, საპენსიო პოლიტიკასა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხში უფრო ფართო ძალაუფლებას ანიჭებს. ამასთანავე, კანონპროექტი უცხოელი ინვესტორებისთვის წამახალისებელ ზომებს, არადეკლარირებული აქტივების მქონე პირებისთვის საგადასახადო ამნისტიასა და არგენტინის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ზოგიერთი ფირმის პრივატიზაციას მოიცავს.
თუკი სენატი კანონპროექტის მუხლებს შესწორებებით მიიღებს, არგენტინის ქვედა პალატას მოუწევს, კანონპროექტი, თავისი შესწორებებით, ხელახლა მიიღოს. არგენტინის ქვედა პალატამ 30 აპრილს აღნიშნული კანონპროექტი ხმათა 142-106-ზე გადანაწილებით მიიღო.
პარალელურად, ქვეყნის დედაქალაქში, ბუენოს-აირესში დემონსტრანტები მილეის რეფორმების კანონპროექტს აპროტესტებდნენ. რამდენიმე დემონსტრანტმა ორ მანქანას ცეცხლი წაუკიდა და, ხელისუფლების ინფორმაციით, ძალადობის შედეგად, სულ მცირე, 20 პოლიციელი დაშავდა, ხოლო ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს.
პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების შემდეგ მილეიმ მთავრობის ზომა გაანახევრა, საჯარო სექტორში 50 000-მდე სამუშაო ადგილი გააუქმა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ახალი კონტრაქტები შეაჩერა და საწვავსა და ტრანსპორტზე სუბსიდიები გააუქმა.