არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი იერუსალიმში ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ნეთანიაჰუმ ხავიერ მილეი ისრაელის სახელმწიფოს დიდ მეგობრად მოიხსენია და მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ არგენტინის საელჩო იერუსალიმში გაიხსნება.
“ჩვენ მოხარული ვართ თქვენი გადაწყვეტილებით, რომ ცნობთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და თქვენს დიპლომატიურ პოსტს, და ბუნებრივია საელჩოს, იერუსალიმში გადაიტანთ” – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ხავიერ მილეი ასევე გეგმავს ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას.
ისრაელში ვიზიტისას ხავიერ მილეის პიჯაკზე ისრაელის და არგენტინის დროშები და ყვითელი ბანტი ჰქონდა დამაგრებული იმ მძევლების გასახსენებლად, რომლებიც დღემდე ჰამასის ტყვეობაში იმყოფებიან.
ხავიერ მილეიმ იერუსალიმში არგენტინის საელჩოს გახსნა 6 თებერვალს დააანონსა. არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი დღეს, 6 თებერვალს, ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდა, სადაც მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი დახვდა.