არგენტინაში შეტაკება მოხდა პრეზიდენტის რეფორმების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, ს ეკონომიკური რეფორმების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დასაშლელად.
საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის Reuters-ის და AFP-ს ცნობით, პოლიციამ სპეცსაშუალებები მას შემდეგ გამოიყენა, რაც კონგრესის(პარლამენტის) შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა და ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები ესროლეს. დაწვეს რამდენიმე ავტომობილიც.
მასობრივი არეულობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე პოლიციელები. დაკავებულია სულ მცირე 10 პირი.
არგენტინის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად პრეზიდენტ მილეის მიერ ინიციირებული რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გამოცხადებას, პენსიების შემცირებას და შრომითი უფლებების შეზღუდვას. ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან მემარცხენე პარტიები, პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
სწორედ მათ მიერ 12 ივნისს ორგანიზებული საპროტესტო აქცია გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში.
საპროტესტო აქციის მსვლელობისას არგენტინის პარლამენტის ზედა პალატა, სენატი განიხილავდა რეფორმების პროექტს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტ მილეის რეფორმები არგენტინას ათწლეულებით უკან დახევს.
მრავალსაათიანი დებატების შემდეგ ჩატარებული კენჭისყრისას ხმები თანაბრად, 36/36-ზე გაიყო. გადამწყვეტი ხმა ეკუთვნოდა სენატის თავმჯდომარეს, რომლის თანხმობის შედეგად სენატმა მხარი დაუჭირა რეფორმის ძირითად პრინციპებს.
არგენტინის მთავრობა უკვე მეორედ ცდილობს კონგრესისგან მხარდაჭერის მოპოვებას. რეფორმების კანონპროექტის პირველი პაკეტი, რომელიც 600-ზე მეტი მუხლისგან შედგებოდა, კონგრესს გასული წლის დეკემბერში წარედგინა. წარუმატებელი მუხლობრივი კენჭისყრის შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია. ზომიერი ოპოზიციის ზეწოლით შეცვლილ ახალ ვარიანტს, საიდანაც პუნქტების ნახევარზე მეტი ამოიღეს, აპრილში მხარი დაიჭირა კონგრესის ქვედა – დეპუტატთა პალატამ.
პრეზიდენტ მილეის რადიკალური რეფორმების წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ტოტალურ შემცირებას, გლობალურ პრივატიზაციას, უმკაცრეს საბიუჯეტო ეკონომიას და სოციალური, განათლების და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას, 9 მაისს არგენტინაში ჩატარდა საერთო ეროვნული გაფიცვა
53 წლის ეკონომისტი ხავიერ მილეი, რომელიც არგენტინის მემარჯვენე ძალთა ალიანსში შემავალი ლიბერტარიანელთა პარტიის ლიდერია, არგენტინის პრეზიდენტად 2023 წლის ნოემბერში აირჩიეს. მან ხმების 56%-ით მეორე ტურში დაამარცხა მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის კანდიდატი, ეკონომიკის მინისტრი სერხიო მასა.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2023 წლის სექტემბერში, არგენტინაში ინფლაციამ 138% შეადგინა. ხავიერ მილეი, რომლის საარჩევნო კამპანიის სიმბოლო ბენზოხერხი იყო, კამპანიის მსვლელობისას აცხადებდა, რომ ეკონომიკურ პრობლემებს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებით მოაგვარებდა.