საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა დაახლოებით 4.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების განახლებულ დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი თან ერთვის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.
რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (7 დავა), იუსტიციის სამინისტროს მიერ უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 4 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 3 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ამასთან, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების გამოკლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა მსხვილი სასამართლო დავების იდენტიფიცირება (სადაც სადავო თანხა აღემატება 5 მლნ ლარს), სადაც პირობითი ვალდებულებების შეფასებამ შეადგინა 1143 მილიონი ლარი.
დოკუმენტის თანახმად, რაც შეეხება იმ დავების რაოდენობას, რომელთა სადავო თანხა მერყეობს 1-5 მლნ ლარს შორის, ჯამური პირობითი ვალდებულება შეადგენს დაახლოებით 118 მლნ ლარს.
0.5-1 მლნ ლარის ფარგლებში დავების ჯამურმა სავარაუდო პირობითმა ვალდებულებამ შეადგინა 27 მლნ ლარი.
„ეს დავები უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია სადავო ექსპროპრიაციასთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში სადავო მარეგულირებელ ქმედებებთან და შესყიდვის ხელშეკრულებების აღსრულებასთან“, – განმარტებულია დოკუმენტში.
