“არა რუსულ კანონს” – აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

დემონსტრანტები ჯერ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ, სადაც შენობასთან მისასვლელი ქუჩა სამართალდამცავებს ჰქონდათ დაკავებული. ადგილზე მისვლისას, აქციის მონაწილეების ნაწილმა მალევე შეცვალა გეგმა და მოძრაობა დედა ენის ბაღის მიმართულებით გააგრძელა.
მანამდე, მომიტინგეების ნაწილი აქციას მართავდა პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, ნაწილი კი შეკრებილი იყო პუშკინის სკვერთან, სასტუმრო “პარაგრაფთან”, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას ესწრებოდნენ.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ბანერები წარწერით, “არა რუსულ კანონს” და ცდილობენ ღონისძიების სტუმრებს, მათ შორის, “ქართული ოცნების” ლიდერებს ხმა მიაწვდინონ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნების ნაწილია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ