“არა კამარა ჰესს!” – დღეს ყაზბეგის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს და რაიონში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას გააპროტესტებს.
ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში “კამარა ჰესის” მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. მდინარე თერგი რკინის მილებში კიდევ 5 კილომეტრზე უნდა მოაქციონ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე აშენებული ჰესების გამო, ხეობები ზაფხულობით დამშრალია და ტურისტებს აღარ იზიდავს, ტურიზმი კი ამ კუთხეში შემოსავლის მთავარი წყაროა.
“წარმოდგენილი დოკუმენტი მიხედვით, 5 კილომეტრზე მდინარე თერგი აღარ იარსებებს და, აი, აქ უკვე ყოველგვარი განხილვა, ყოველგვარი რაიმე სარგებელზე ლაპარაკი, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. თერგი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარე, რომლის კალაპოტშიც ცხოვრობს სრულიად ხევი და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც უკვე დარიალის ხეობაში თერგი აღარ არსებობს. მოსახლეობის ინტერესები, როგორც საცხოვრებელი გარემოსი, ასევე ტურიზმი, რომელიც ძირითადი შემოსავლის წყაროა, ამ პროექტით ყოველგვარ პერსპექტივას უკარგავს. კიდევ დაგეგმილია არაერთი ჰესის მშენებლობა, რომელთათვისაც კომპანიები უკვე შექმნილია”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ანა გელაშვილი.