თბილისში განათლების სისტემაში მთავრობის მიერ ინიციირებული ცვლილებების წინააღმდეგ მასწავლებლებმა აქცია გამართეს. ისინი აღმაშენებლის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის ახალ თეატრთან შეიკრიბნენ და განათლების სამინისტროსკენ მსვლელობა მოაწყვეს.
„ჩვენ ვართ მასწავლებლები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაზე, მომავალ თაობაზე და განათლების ხარისხზე. ჩვენ ვდგავართ იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც მასწავლებელს ართმევს თავისუფლებას, ავტონომიას და პროფესიულ ღირსებას.
ჩვენ ვამბობთ არა:
დიქტატორულ და კონტროლის მძლავრ კანონებს;
მასწავლებელთა შიშზე და მორჩილებაზე აგებულ სისტემას;
პროფესიის გახმობის, შეურაცხყოფისა და განადგურების პრაქტიკას;
არა, 11 წლიან სასწავლო და 3+1 ერთ სწავლებას, არა, ე.წ “განათლების რეფორმა”-ს, რომელიც განათლების ხარისხისა და ცოდნის განადგურებისკენაა მიმართული, რომელიც ანადგურებს ევროპულ მომავალს!
და ვამბობთ კი:
ღირსეულ ხელფასს;
პროფესიულ თავისუფლებას;
ღირსებას, ადამიანურობას და დამოუკიდებელ აზრს;
თავისუფალ ევროპულ მომავალს. 12 წლიან სწავლებას!” – ითქვა აქციაზე.
საქართველოს მთავრობის ინიციატივა განათლების სისტემაში გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის “რეფორმირებას”, რაც უნივერსიტეტების და განათლების სპეციალისტების შეფასებით, მათი ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად, საქართველოს აშორებს დასავლურ განათლების სისტემასთან და ახალგაზრდებს ართმევს კონკურენტუნარიანი განათლების მიღების საშუალებას.
“რეფორმა” ითვალისწინებს მეთორმეტე კლასის გაუქმებას, ბაკალავრიატის 3 წლამდე შემცირებას, მაგისტრატურის ერთ წლამდე დაყვანას. ასევე, მუშავდება კონცეფცია “ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი”, რაც “დუბლირებული” ფაკულტეტების გაუქმებისა და რეგიონების გაცოცხლების სახელით ზღუდავს კონკურენციას, აუქმებს უკვე აკრედიტებულ სასწავლო პროგრამას და სავარაუდოდ გამოიწვევს უნივერსიტეტებში სტუდენტების კლებას და პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლებას სამსახურებიდან.
ფორუმი




