ფრანგულმა ასოციაციამ, Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში კვლევა ჩაატარა. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.
მასში საუბარია არახელმისაწვდომი და უხარისხო ზოგიერთი სახის მკურნალობაზე, მაღალ ფასებზე და სადაზღვევო სისტემით გარანტირებული ფინანსური ხელშეწყობის ნაკლებობაზე, დისკრიმინაციული მიდგომაზე შშმ პირების, ლგბტ თემის წევრების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, სუსტად განვითარებულ ზოგიერთი დაავადების მკურნალობასა და გაზრდილ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.
კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც გამოიკითხა. ფრანგული ასოციაცია აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საფრანგეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ, უმრავლესობას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა ჰქონდა, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობდნენ ან არახელმისაწვდომი იყო.
“ეს დასკვნა, რაც გააკეთა ფრანგულმა მხარემ, სრულად შეესაბამება იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. რატომ გარბის ხალხი ოპერაციის გასაკეთებლად ან სამკურნალოდ უცხოეთში? იმიტომ, რომ ჩვენთან არავითარ პირობებს არ უქმნის სახელმწიფო იმისათვის, რომ ჩვენი მედიცინა, საკმაოდ ძლიერი მედიცინა, საკმაოდ კარგი სპეციალისტები გვყავს და არ აძლევს საშუალებას, რომ განვითარდეს”, – ამბობს ვატო სურგულაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში.