ლუი ვიტონი – ამ სახელს წარდგენა არ სჭირდება. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ბრენდების სიაში შედის და მოდის სამყაროში წამყვანი ადგილი უჭირავს. პრემიუმ კლასის ჩანთები, აქსესუარები და ტანსაცმელი მისი სავიზიტო ბარათია და ყოველი დეტალი, რომელსაც მოდის სახლი ქმნის, ხარისხსა თუ სინატიფეს გამოხატავს.
ამ დიადი სახელის უკან რეალური პიროვნება დგას, რომელსაც საკმაოდ სევდიანი ბიოგრაფია აქვს. ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ის დიდებული და მდიდრული სამყარო, რომელსაც დღეს Louis Vuitton-ის ბრენდი ჰქვია, ფრანგულ სოფელში, ობოლი ბიჭის ღარიბული ცხოვრებით დაიწყო.
ფრანგული სოფლიდან პარიზამდე
ლუი ვიტონი 10 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, ხოლო 13 წლის ასაკში მამაც დაკარგა. მან პარიზში გადაწყვიტა გამგზავრება, თუმცა ფრანგული სოფლიდან დედაქალაქამდე ჩასვლა მოზარდისთვის დიდ რესურსებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ლუი ფეხით გაუდგა პარიზის გზას. მისი მოგზაურობა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა, დედაქალაქში ჩასასვლელად ორი წელი დასჭირდა. გზადაგზა სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, რისი გაკეთებაც შეეძლო.
ყუთების ოსტატი
პარიზში ვიტონი ყუთების დამზადებით ირჩენდა თავს და მალე მისი საქმიანობა ბევრმა გაიცნო, რადგან შესანიშნავ ოსტატობას ამჟღავნებდა. ამ აღიარებამ მისი სახელი ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლის ყურამდე მიიტანა და ლუი ვიტონი 1853 წელს დაინიშნა მის პერსონალურ ოსტატად და შემფუთავად. დედოფალმა მას დააკისრა თავისი ტანსაცმლის სათავსოების დამზადება და ტრანსპორტირებისთვის ლამაზად შეფუთვა. ამით ლუის კარი სხვა დიდგვაროვნებთანაც გაეხსნა, მის შესახებ ბევრმა შეიტყო და მისი მომსახურებით სარგებლობა ელიტარული საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა მოისურვა.
პირველი ნამუშევარი
1858 წელს ვიტონმა შექმნა ნაცრისფერი ჩემოდანი, სახელად Trianon. მისი დიზაინი იმდენად განსხვავებული და მიმზიდველი იყო, რომ ყველას აღფრთოვანება გამოიწვია. მეტიც, ვიტონის კონკურენტებმა ამ დიზაინის დაკოპირება და თავისად გასაღება დაიწყეს.
მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ დიზაინერს ახალი მაღაზიების გახსნა მოუწია, თუმცა წარმატებულ ნაბიჯებს ხელი ფრანკო-პრუსიის ომმა შეუშალა, რომლის დროსაც ვიტონის მაღაზიები განადგურდა, ხოლო მისი აღჭურვილობა მოიპარეს.
ვიტონი მარცხს არ შეეგუა
ლუი ვიტონმა არ დაუშვა ის, რომ მანამდე აწყობილი კარიერა ასე დაესრულებინა. რამდენიმე თვეში მან ააშენა ახალი მაღაზია 1 Rue Scribe-ში. ამ მაღაზიაში ძვირფასი ნივთები უნიკალური დიზაინით იყიდებოდა და სწორედ ამგვარად ჩაეყარა საფუძველი ბრენდს, რომელიც დღეს ფუფუნების საგნების გაყიდვითაა ცნობილი.
მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ვიტონი წარმატებულ საქმიანობას ახორციელებდა, რომელიც ინოვაციის მაღალი ხარისხით იყო გამორჩეული. თავად ლუიმ შეიმუშავა კრემისფერი მონოგრამის დიზაინი წითელი ზოლებით, რომლებიც მისი ბრენდის ხელმოწერად გარდაცვალების შემდეგაც დარჩა. 1892 წლის 27 თებერვალს დიზაინერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მისი ბიზნესი მისმა ვაჟმა, ჯორჯმა გადაიბარა.
ახალი მფლობელი
ჯორჯი მამის მუშაობას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, ამიტომ ეს საქმე უკვე კარგად ჰქონდა შესწავლილი. მის დროს ბრენდი გაფართოვდა და მაღაზიები ნიუ-იორკში, ლონდონსა და ბუენოს აირესში გახსნა. მისივე მმართველობისას დაიწყო კომპანიამ ქალის ჩანთების ხაზის წარმოება. ჯორჯმა მამის ინიციალები ყველა პროდუქტზე დაიტანა, როგორც სამარკო ნიშანი.
გარდა ამისა, ჯორჯი აქტიურად კამპანიას ეწეოდა, რათა გაყიდვები და ცნობადობა კიდევ უფრო გაეზარდა და საწარმო გლობალურ ბრენდად ექცია. ის არც სხვა ქვეყნებში მოგზაურობას და პროდუქციის ადგილობრივებისთვის გაცნობას ერიდებოდა.
მისი გარდაცვალების შემდეგაც ბიზნესი ვიტონების მემკვიდრეს გადაეცა.
ბრენდი დღეს
დღესდღეობით „ლუი ვიტონი” ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლუქს ბრენდად რჩება მსოფლიოში. ცნობილია, რომ გუნდი ყოველ სეზონზე შეზღუდული გამოშვების კოლექციებს ქმნის და რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა მხატვართან იმისთვის, რომ კიდევ უფრო უნიკალური ნივთები შექმნას.
ბრენდის ამჟამინდელი ღირებულება 26 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი