პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, – რომელსაც ციხეში პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეზღუდული აქვს, – დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებს მოუწოდა, არ დააყენონ „წინასწარი პატიმრობის“ გადახედვის საკითხი.
ხაბეიშვილი ასევე გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების წყლის ჭავლით დაშლისას, სავარაუდოდ, გამოიყენეს ტოქსიკური ქიმიური აგენტი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ – რასაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უარყოფს.
„ვთხოვ ჩემს ადვოკატებს, რომ „წინასწარი პატიმრობის“ გადახედვის საკითხი არ დააყენონ. როგორც ჩერნობილში წამლავენ ხალხს, ისე წამლავენ და მათთან არაფერი მაქვს სახვეწარი“, – თქვა დღეს, 9 დეკემბერს ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე.
„ჩემს მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ. ეს არ არის სწორი. [ვნახულობ] ოთხ თვეში ერთხელ მხოლოდ. არანაირი თანხა და გირაო. შევეჩვიე დილეგში ყოფნას. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. არავისთან კონტაქტი, არა შვილი, არა დედა, ცას „კლეტკებით“ უნდა უყურო“, – თქვა პოლიტიკოსმა.
საბოლოოდ მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.
საქმეს ამჟამად მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს. მან ხაბეიშვილს შენიშვნა მისცა „ემოციურობისთვის“.
ხაბეიშვილმა ოპოზიციასთან მიმართა: „ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ტროტუარზეც გიკრძალავენ დგომას. ეს არ არის თამაში… სახლში მოგივარდებიან. სამასამადე პოლიტპატიმარია. როგორ გძინავთ? როგორ ხართ სახლებში? აა, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ“?
ბრალდებაზე, რომ მან „ქრთამი“ შესთავაზა სპეცრაზმელებს, თქვა: „თურმე, უნდა ვაღიარო, როგორ ვუთხარი გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. ეს თურმე ქრთამის შეთავაზებაა. ქრთამი მოიკითხეთ თქვენსკენ!“
„ეთერებს ავსებთ… მომაბეზრებელია თქვენი ლაყბობა… უაზროდ კამათობთ ამ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ, რას კამათობთ, ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ… აი, ხვალ გავიმარჯვებთ, აი, ზეგ“, – თქვა ხაბეიშვილმა.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
· დაკავებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ხაბეიშვილს ასევე ედავებოდნენ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
პოლიტიკოსისთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე დღეში, სუსმა მას ციხიდან ნათესავებსა და ახლობლებთან კომუნიკაცია აუკრძალა.
4 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და პოლიტიკოსის გათავისუფლება მოითხოვეს.




