არაფერია იმაზე დიდი ფარისევლობა, რომ წინ ევროკავშირის დროშები გიდევთ – წითლიძე „ოცნებას“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, 29 აპრილს ს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ფარისევლობაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს წინ ევროკავშირის დროშები უდევთ.
ამის შესახებ წითლიძემ დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
წითლიძის განცხადებით, ივანიშვილი ქვეყანას ევროპულ მომავალს აკარგვინებს და ამაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც ეკისრებათ.
„მინდა უმრავლესობის წევრებს მოგმართოთ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი აღიარების შემდეგ, თქვენ უფლება არ გაქვთ, საქართველოს და ევროკავშირის დროშები გედოთ წინ, რადგან არაფერი იმაზე დიდი ფარისევლობა არ არის, რომ თქვენ ახლა წინ გედოთ ევროკავშირის დროშები. ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, სადაც რუსმა ოლიგარქმა პირდაპირ თქვა, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და 2012 წელს მოვიდა ერთადერთი დავალებით – საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინოს ევროპული პერსპექტივა.
გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როდესაც თავისუფალი, ერთიანი და ევროპული საქართველო გაიმარჯვებს, ვერცერთი თქვენგანი იტყვის, რომ რამე არ იცოდა და ვერ იტყვის, რომ ახლა ივანიშვილის ქმედებებზე, რომელიც ევროპულ მომავალს გვაკარგვინებს, თქვენ არაფერი არ იცოდით. თქვენ გუშინ მანდ იდექით და ტაშს უკრავდით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი პასუხისმგებლობაც არის ყველა ის განცხადება, რომელიც გააკეთა გუშინ რუსმა ოლიგარქმა,“ — მიმართა ანი წითლიძემ უმრავლესობის წევრებს.
29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.
“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მის ჩართვას ცდილობს ომში.
ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.
ივანიშვილმა თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი — უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის თქმით, ისინი ლიდერებად „ენჯეოების მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგად დაინიშნნენ“.