“არასწორია ფოკუსირება მხოლოდ ილიაუნიზე, ეს ცვლილებები ეხება ყველას” – განათლების ექსპერტი

განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების გადანაწილების შესახებ დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავის კრიტიკულ შეფასებას ავრცელებს. ის რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

“მხოლოდ ილიაუნიზე აქცენტი არასწორია”

არასწორია ფოკუსირება მხოლოდ ილიაუნის პროგრამების გაუქმებაზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს მთლიანად უმაღლესი განათლების კონტროლზე, დამორჩილებასა და გაუქმებაზე. ეს ცვლილებები ეხება ყველა უნივერსიტეტს, ყველგან მოხდება რეორგანიზაცია და რეორგანიზაციას განახორციელებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და არა უნივერსიტეტი. ტექნიკური უნივერსიტეტის და თსუ-ს გაერთიანების და შემდეგ უკან დახევის, ახლა თსუ-ს, როგორც დედაუნივერსიტეტის, გაძლიერების გზავნილები სწორედ დაქსაქსვას ემსახურება, რომ ფოკუსი გადავიდეს ილიაუნის, როგორც ერთი უნივერსიტეტის, პრობლემაზე და ამის არდაშვება მნიშვნელოვანია. ყველა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ერთიანობაა უმნიშვნელოვანესი, მათ შორის რეგიონული უნივერსიტეტების;

ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად იკარგება სოხუმის უნივერსიტეტის, როგორც თბილისში დროებით განთავსებული, აფხაზეთის მულტიპროფილური უნივერსიტეტის მნიშვნელობა. ის სტატუსით გაუთანაბრეს სხვა რეგიონულ არამულტიპროფილურ უნივერსიტეტებს. ამდენად, ეს პოლიტიკურ ჭრილშიც სერიოზული საკითხია.

“გაუარესების მყისიერი ეფექტი”

რეფორმა ეხება ყველა მოქალაქეს არა მხოლოდ გრძელვადიანად და შესაძლოა რთულად აღქმადი მომავლის თვალსაზრისით, პოლიტიკური კონტროლის, ევროინტეგრაციის დაკარგვის ან ხარისხის გაუარესების კონტექსტში, არამედ მყისიერად. ხელმისაწვდომობის პრობლემის შექმნა ცალსახაა:

  • ადგილების რაოდენობა რეალურად მცირდება, რადგან სამინისტრო მანიპულირებს. 2025 წლის მონაცემების მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27,000 ადგილზე გამოცხადდა მიღება, მათ შორის- 2700 ადგილი ქართული ენის ერთწლიან პროგრამაზე და 24,300 საბაკალავრო პროგრამებზე. მართალია, აუთვისებელი დარჩა საბაკალავრო პროგრამებზე 4000 ადგილამდე, მაგრამ ეს იმ ფონზე მოხდა, როცა სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებშიც აფინანსებდა სტუდენტებს. შესაბამისად, უნდა აღებულიყო 27,000 ადგილი საწყისად და არა 19,300 ადგილი;
  • 2025 წლის მონაცემებით კერძო უნივერსიტეტებს 13,000 ადგილზე მეტი დარჩათ აუთვისებელი. ეს ადგილები შესაბამისი აკრედიტებული პროგრამებით მათ კვლავ აქვთ და ეს ადგილები ხელმისაწვდომი კვლავ იქნება, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვინც თანხის გადახდას შეძლებს;
  • დასახელდა კონკრეტული პროგრამები, სადაც შრომითი ბაზრის მოთხოვნა დაბალია და დღევანდელი მიღება მაღალი და მოხდება ამ პროგრამებზე კვოტების ამ ეტაპზე გასაშუალოება და შემდგომ კლება. ჩამოთვლილთაგან ეს პროგრამებია მინიმუმ სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება;
  • თელავის, გორის, ახალციხის, ზუგდიდის უნივერსიტეტებს წაართვეს პროგრამები, გარდა პედაგოგიკის, ტურიზმის და აგრარული მეცნიერებების, რომლებიც ამ უნივერსიტეტებისთვის მხოლოდ მცირედი მიმართულება იყო, და სხვა პროგრამებზე ხელმისაწვდომობა ერთმევათ ამ რეგიონის აბიტურიენტებს, რადგან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში სწავლა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული თუნდაც „უფასოდ“ სწავლების პირობებში. რეგიონული უნივერსიტეტები ზუგდიდში, ახალციხეში, თელავსა და გორში მულტიფუნქციური პროფილის არიან და უზრუნველყოფენ კადრების მომზადებას და კვლევას მრავალი მიმართულებით. ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ბიზნესის ადმინისტრირება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და მასწავლებელთა განათლება. აგრარული მიმართულებები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად წარმოდგენილი მიმართულებაა სტუდენტების არჩევანში.

პრობლემაა არა მხოლოდ ხელმისაწვდომობის, არამედ ამ რეგიონების განვითარებისა და დემოგრაფიული პოლიტიკის თვალსაზრისითაც. რეალურად ვიღებთ კონცენტრაციას დეკონცენტრაციის და რეგიონული განვითარების ნაცვლად;

რეიტინგები – ილიაუნი ლიდერია

უნივერსიტეტის იდეა გულისხმობს სწავლებასთან ერთად კვლევას, ცოდნის შექმნა არის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება უნივერსიტეტის, რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით მთლიანად იგნორირებულია. ქართული უნივერსიტეტებს გააჩნიათ განსხვავებული სტრატეგიული პროფილები.

Times Higher Education-ის რეიტინგების მიხედვით თსუ-სა (15,9) და სტუ-ს (14,5) Research Quality მნიშვნელოვნად დაბალია ილიაუნის მაღალ 47,6. Research Quality (30%)-თან შედარებით. რეიტინგი დიდწილად ეფუძნება საშუალო გავლენის მაჩვენებლებს, ქართული უნივერსიტეტები არ წარმოადგენენ ერთგვაროვან მოდელს. ისინი განსხვავებულ კვლევით და საგანმანათლებლო სტრატეგიებს მისდევენ. ილიაუნი მკვეთრად ლიდერობს Research Quality-ის და International Outlook-ის კომპონენტებში. თსუ შედარებით დაბალანსებულია, მაგრამ არცერთ კომპონენტში ლიდერი არ არის. სტუ გამორჩეულია Teaching კომპონენტში, თუმცა კვლევითი ხარისხი დაბალია. დარგობრივი რეიტინგები აჩვენებს მაღალი კვლევითი ხარისხის მკვეთრ ზრდას ილიაუნის შემთხვევაში. თუ სხვადასხვა შეფასების კომპონენტებში ქართულ უნივერსიტეტებს მეტ-ნაკლებად თანაბარი შედეგები აქვთ, კვლევის ხარისხის კომპონენტში მკვეთრი განსხვავებაა და ზოგიერთ დარგში ილიაუნის მაჩვენებელი 12-ჯერ და უფრო მეტჯერ მაღალია სხვა უნივერსიტეტების მაჩვენებელზე. ილიაუნი წარმოდგენილია სამ დარგში (სიცოცხლის, ფიზიკური და სოციალური მეცნიერებები) 601–800 რეიტინგულ სიაში, ყველაზე მეტ დარგში და მაღალ პოზიციაზე ქართულ უნივერსიტეტებს შორის.

ილიაუნი სტუდენტების 95%-ს ვეღარ მიიღებს

ილიაუნიმ 2025 წელს მისაღები გამოცდებით მიიღო 3,862 სტუდენტი: 361 სტუდენტი ქართულის ენის ერთწლიან პროგრამაზე, 3501 სტუდენტი საბაკალავრო პროგრამებზე. აქედან მხოლოდ 50 სტუდენტი დაწყებითი განათლების პროგრამაზე, 19 სტუდენტი ადრეული განათლების პროგრამაზე და 28 სტუდენტი კომპიუტერული ინჟინერიის საერთაშორისო პროგრამაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცვლად 3,862 სტუდენტისა უნდა მიიღოს 100 სტუდენტი, პლუს უკეთეს შემთხვევაში თსუ-ს დაწყებითი განათლების პროგრამის 85 სტუდენტი, ანუ სტუდენტების 95%-ს ვეღარ მიიღებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში, სოხუმის უნივერსიტეტში რჩება პედაგოგიკის მიმართულება და თბილისის კვოტები მასზეც გადანაწილდება, ასევე ყველა რეგიონულ უნივერსიტეტს ექნება პედაგოგიური მიმართულება დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამებზე, ხოლო საგნის მასწავლებლები საბაკალავრო პროგრამას+ მაინორი ან პოსტბაკალავრიატის 60-კრედიტიანი მასწავლებელთა განათლების პროგრამით გახდებიან, ილიაუნის პედაგოგიური პროფილიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და თავისთავად არსებული პროგრამების მილევის კვალდაკვალ ამ მიმართულების სხვა უნივერსიტეტში გადატანის საკითხიც დადგება.

შრომის ბაზარი?

სწავლება შრომის ბაზრისთვის – დღევანდელ ეპოქაში, როცა 2 წლის წინ ნასწავლი უკვე მოძველებულია, როცა განვითარებულ მსოფლიოში პროფესიების დიდი ნაწილი, რომელიც მაღალანაზღაურებადია, არ არსებობდა, როცა ამ პროფესიაში შემავალი ხალხი სწავლობდა უმაღლესში, როცა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული საკადრო რესურსის მომზადება უმაღლესებში, ხისტად დღევანდელი, თუნდაც რეალურად ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევაზე პროგრამების დაფუძნება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. არაფერს ვსაუბრობ შრომის ბაზრის კვლევის რეალურობასა და გასაიდუმლოებაზე;

თანამედროვე კვლევა და სწავლება მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინურია. ეს არ არის გათვალისწინებული. მაგალითად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს აგრარული ტექნოლოგიები, აგრარული ინჟინერიის მიმართულება, კომპიუტერული ლინგვისტიკის კვლევითი მიმართულება, ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულება და ეს მიმართულებები ფაქტობრივად, გაუქმდება იმიტომ, რომ ლინგვისტიკა თსუ-ს სპეციფიკაა და აგრარული სოხუმის უნივერსიტეტში გადადის. რეალურად კი, ტექნიკურ უნივერსიტეტს სწორი ფოკუსი აქვს აღებული. ასეთი მაგალითი უამრავია, თუ პროგრამებს დეტალურად ჩავხედავთ;

“ელიტური უმაღლესო განათლების მოდელზე ვბრუნდებით”

უნივერსიტეტების საზოგადოებრივი მისია, სამოქალაქო საზოგადოებისა და ურყევი დემოკრატიის მშენებლობა, სრულიად იგნორირებულია და ამ მოდელით ელიტური უმაღლესი განათლების მოდელზე ვბრუნდებით მცირე რაოდენობის პროფესორებით და მცირე რაოდენობის სტუდენტებით.

ინოვაციურობა  არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნივერსიტეტების შესაფასებლად, ინოვაციურობას განაპირობებს აკადემიური თავისუფლება და კონკურენცია მსგავსი დისციპლინების და უნივერსიტეტების და არა უკონკურენტო გარემო, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი;

ცოდნის ნაცვლად მომსახურება

რეგიონების აგრარული და ტურიზმის განვითარების მიდგომა მიუთითებს ქვეყნის განვითარების ხედვაზე. აგრარული მიმართულება ბიოქიმიის, ტექნოლოგიების, ინჟინერიის გარეშე ვერ ვითარდება, ამავე დროს სოფლის მეურნეობით გამდიდრებული ქვეყანა არ არსებობს.

აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა ის ქვაკუთხედია, რომელიც უზრუნველყოფს განვითარებას, დაკარგული აკადემიური თავისუფლების პირობებში უმაღლესი რჩება მხოლოდ იდეოლოგიზების ინსტრუმენტად. თანამედროვე უნივერსიტეტების ნაცვლად საბჭოთა უნივერსიტეტის დაბრუნება არსით, სოციალური ფუნქციით, ელიტიზმით და ცოდნის შექმნის ფუნქციის გამოცლით.

ასევე დაგაინტერესებთ