პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა და ამ კომპეტენციაში სალომე ზურაბიშვილის ჩარევა არასწორია. პაპუაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები გააკრიტიკა.
პაპუაშვილის თქმით, „ყველა საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციებში უნდა დარჩეს”.
„ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში. რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, რომ მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განსაზღვროს როგორი არის პოლიტიკა და როგორი არის კანონმდებლობა. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ შემთხვევაშიც, სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში” – ამბობს პაპუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღეებში პარლამენტში მიღებული ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში ცვლილების შესახებ რეალურად, „არცერთ ცვლილებას და გამარტივებას“ არ წარმოადგენს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.