გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა X-ზე დაწერა, რომ აქციის მონაწილეებისა და საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან შედარება არასწორია. ამით ის გამოეხმაურა “ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა საბჭოთა “კაგებესა” და დასავლეთს შორის.
“უკვე თვეებია, ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირებთან შედარება ასევე არასწორია. ჩვენ და საქართველო მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი უცხო ძალები. ეს ბოლო 30 წლის გამოცდილებიდან ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის”, – წერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე.
დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილს გამოეხმაურნენ პოსტებით, რომელშიც რუსეთს არ ახსენებდნენ და აქცენტი პროდასავლური ძალების კრიტიკაზე გადაჰქონდათ.
„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე, როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა…დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე დღეს არ გამოჩენილა რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. ნაცვლად ამისა, სამებაში მივიდა და პროსამთავრობო მედიის გარემოცვაში პარალელი გაავლო საბჭოთა КГБ-სა და კონსპირაციულ “დასავლურ Deep State-ს” შორის.
„რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე – 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, – ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, – იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე”, – განაცხადა კობახიძემ თავისი პოსტის განმარტებისას.
