„არასტანდარტული ციტრუსის ფასი 40 თეთრი იქნება, საიდანაც 35 თეთრს აჭარის მთავრობა დააფინანსებს“ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით როგორც შარშან, ასევე წელს არასტანდარტული ციტრუსის ფასი 10 თეთრით გაიზარდა და ნაცვლად 30 თეთრისა ფერმერი მიიღებს 40 თეთრს, საიდანაც 35 თეთრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით დაფინანსებული, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აჭარა და სრულიად დასავლეთი ციტრუსის აქტიური სეზონის წარმართვისათვის მობილიზებულია.
“აჭარაში დაახლოებით 25 მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო არსებობს, რომელიც განთავსებულია ორ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურსა და ქობულეთში. გარდა ამისა, მუშაობს ორი საწარმო, რომელიც არასტანდარტულ ციტრუსს გადაამუშავებს, იღებს შესაბამის კონცენტრაციას და შემდეგ ექსპორტს ახორციელებს. ყველა ეს საწარმო მობილიზებულია. უმეტესი მათგანი უკვე იღებს ციტრუსს, დახარისხებას ახდენს და ექსპორტირების პროცესიც აქტიურად დაწყებულია. გარდა რეგიონში არსებული საწარმოებისა, ბოლო წლებში გამოიკვეთა აღმოსავლეთსა ქვემო ქართლში არსებული სამაცივრე მეურნეობები, რომლებიც ხილის მიღება-დახარისხებაში არიან ჩართული. კომპანიებს მაქსიმალურ მხარდაჭერა აქვთ, რათა მათ მიერ სრულყოფილი სეზონი ჩატარდეს.
გასულ წელს სარეკორდო მოსავალი გვქონდა. მხოლოდ აჭარიდან 55 ათას ტონამდე მანდარინი მივიღეთ მოსავლის სახით, საიდანაც 12 ათასი ტონა გადამუშავდა არასტანდარტულ ნაწილში. საერთო ჯამში, წინა წელს საქართველოდან 41 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რითაც ჩვენმა ქვეყანამ და ფერმერებმა 26 მლნ. დოლარის ღირებულების შემოსავალი მიიღო.
მიმდინარე წელს ვფიქრობთ, რომ 40-45 ათასი ტონა იქნება მხოლოდ აჭარაში, საიდანაც უმეტესი ნაწილი ექსპორტირებას დაექვემდებარება. აღვნიშნავ, რომ იქნება არასტანდარტული მოსავლის ნაწილიც, რადგან კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, გარკვეული ნაყოფი არასტანდარტულზე მოდის და ფიზიკურად ექსპორტირებას არ ექვემდებარება “, – აცხადებს ზაზა შავაძე.
bp.ge