სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გიორგაძე აცხადებს, რომ გადინებული კადრები ამ ინდუსტრიისთვის დიდი გამოწვევაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დარგში ხელფასები იზრდება, სამკერვალო საწარმოებში დასაქმებული ადამიანები ქვეყნიდან მაინც მიდიან და ამის მიზეზი ქვეყანაში არასტაბილურობაა.
„ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის ხელფასი გაიზარდა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან მაგალითად, ჩვენი თანამშრომლებისთვის ხშირ შემთხვევაში ის ხელფასი, რასაც ჩვენთან იღებენ, ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. თუმცა ჩვენი ბიზნესისთვის სადარდებელი გადინებული კადრები უფროა. ერთ-ერთი ჩვენი გაზრდილი კადრი, რომელსაც კარგ ხელფასს ვუხდიდით საბაზრო ხელფასთან შედარებით, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდა. გადინებული კადრები ამ ინდუსტრიისთვის დიდი გამოწვევაა. ზოგადად პოლიტიკური არასტაბილური გარემო დასაქმებულსაც უქმნის იმის განცდას, რომ პირობითად 5 საწარმო რომ დაიხურა, შესაძლოა მეექვსე ის საწარმო იყოს, სადაც მუშაობს. არასტაბილურობის შეგრძნება მას აძლევს მოტივაცია, დატოვოს ქვეყანა და წავიდეს სხვაგან, მით უმეტეს ეს პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა ნინო გიორგაძემ.
ამასთან, როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, ბოლო თვეები განსაკუთრებით მცირე ზომის სამკერვალო საწარმოებისთვის აღმოჩნდა კრიზისული, რის გამოც არაერთი სამკერვალო დაიხურა. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ მოქმედებს განსაკუთრებით მცირე ბიზნესზე. ამას ემატება ვალუტის ცვლილებაც.
