კინომცოდნესა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თეო ხატიაშვილს, არასდროს სდომებია დედობა. საკუთარი თავი ამ როლში არასდროს წარმოედგინა. მაშინაც კი, როცა ბავშვობაში, დასთან ერთად თამაშობდა, მისი და დედა იყო, პატარა, ჯიუტი თეო კი — პრანჭია დეიდა. როლები ზრდასრულობაშიც ასე გადანაწილდა.
როგორი იყო დედობაზე უარის თქმისა და სხვა პრიორიტეტების არჩევის გზა, რა ტიპის საზოგადოებრივ წნეხს აწყდებოდა და რა გავლენას ახდენს ქალის არჩევანზე გარემო, სადაც ის ცხოვრობს? ამ საკითხებსა და პირადი არჩევანის მნიშვნელობაზე ნეტგაზეთი თეო ხატიაშვილს ესაუბრა.
რაღაც დრომდე გეკითხებიან, რატომ არ თხოვდები? აბა როდის თხოვდები? რაღაც ასაკს რომ გადასცილდები, უკვე შემდგომი რეპლიკა ჩნდება შენს ცხოვრებაში – “შვილი მაინც გააჩინე”.
ბავშვობიდან ვიყავი ძალიან ჯიუტი და ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდოდა. ჩემი მეგობრები დღესაც ამბობენ, რომ ნამდვილი კახელი ვარ და ამ სიჯიუტესთან ერთად, პირდაპირ თქმა და მიხლა მჩვევია. შეიძლება, ეს სულაც არ იყოს კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში გამომადგა თავის დასაცავად.
ისეთივე მკვახე პასუხებით ვიგერიებდი, როგორ კითხვებსაც მისვამდნენ აბეზარი ადამიანები. შეიძლება, შემებრუნებინა კითხვა, რომ აი, შენ რომ გყავს შვილები, რითაა უკეთესი შენი ცხოვრება ჩემსაზე? მე მაქვს დატვირთული ცხოვრება, მაქვს იმის დრო და საშუალება თუნდაც, რომ ვიმოგზაურო უფრო ბევრი, ჩემს საქმეს სრულფასოვნად დავუთმო დრო და ასე შემდეგ. ერთი-ორჯერ მახსოვს, რომ ამ შებრუნებულ კითხვებზე მოულოდნელი რეაქცია ჰქონდათ. გაშრა ეს ადამიანი, ვერაფერი ვეღარ მიპასუხა.
არ მინდა, ისე გამომივიდეს, რაკი ჩემი არჩევანი ასეთია და მე არ გავაჩინე შვილი, თითქოს მათ მიმართ, ვისაც ჰყავთ შვილები, რამე უარყოფითს განვიცდი. რა თქმა უნდა, ასე არაა. ჩემი არჩევანი არც იმას ნიშნავს, რომ არ მიყვარს ბავშვები. პირიქით, ანდამატივით ვიზიდავ უცხო ბავშვებსაც კი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მყავს დის შვილები, დის შვილიშვილები, და მგონია, რომ ძალიან დიდ სიყვარულსა და ზრუნვას ვუზიარებ მათ.
აქ საუბარია იმაზე, რამდენად ერევიან და უნდა ერეოდნენ ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში, რამდენად განუსაზღვრავენ ერთმანეთს, რა უნდა აკეთონ, რა არის მათთვის უკეთესი. მე რომ ასე ვცხოვრობ, გადავიტანო ყველა დანარჩენზე, როგორც სამაგალითო ნორმა? მე არ მიჩნდება ამის სურვილი, რომ სხვებს ვუჩიჩინო, რატომ გათხოვდი, რატომ აჩენ შვილს.