არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას – ალიევის რჩევა უკრაინას

არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას – ალიევის რჩევა
არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას, – ასე უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვას, რას ურჩევდა უკრაინას და უკრაინელებს, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის ლიდერი.
როგორც ალიევმა აღნიშნა, ყარაბაღის პირველი ომის პერიოდი იყო რთული, მრვალრიცხოვანი მსხვერპლით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, აზერბაიჯანს პრაქტიკულად არავინ უჭერდა მხარს, არავისგან ჰქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა.
„არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას. ეს არის მთავარი რჩევა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, როგორც ჩვენ ვხედავდით ამ პროცესს. ვინაიდან ყარაბაღის პირველი ომის პერიოდი იყო რთული, ტრაგიკული, მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, აზერბაიჯანელების გენოცოდით, კონფლიქტისადმი პერიოდი იყო არანაკლებად რთული მორალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვყავდა მილიონი ადამიანი, რომლებიც საარსებო სახსრების გარეშე დარჩნენ. ფული არ გვქონდა, ხაზინა ცარიელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად არავინ გვიჭერდა მხარს. არავისგან გვქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეკონომიკა ნანგრევებში იყო, ინფლაცია – ათასი პროცენტი, მასშტაბური უმუშევრობა, სიღარიბე კი 100 პროცენტს უახლოვდებოდა. ასეთი იყო აზერბაიჯანი, როდესაც მას სათავეში ჰეიდარ ალიევი ჩაუდგა… თანდათან ჩვენ ფეხზე ადგომა, აღორძინება დავიწყეთ და ვფიქრობდით მხოლოდ ერთზე – როგორ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორია. გვესმოდა, რომ რთული იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, რელიეფის გამო. ჩვენ, ყველა ამით ვცხოვრობდით, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. საერთაშორისო გარემოებები ჩვენ წინააღმდეგ იყო. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, თითოეული თავისი მიზეზით, იყვნენ სომხეთის მხარეს და ყველა ცდილობდა, რომ ეს სიტუაცია მარადიულად გაგრძელებულიყო და ეს სტატუსკვო არ შეცვლილიყო“, – თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების მრავალწლიანი პროცესის განმავლობაში ბაქომ მიიღო მრავალი გზავნილი, რომ უნდა შეგუებოდა არსებულ რეალობას, ამაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების უარი კი აღიქმებოდა, როგორც არაადეკვატური რეაქცია. როგორც ალიევმა თქვა, აზერბაიჯანის ყველა არგუმენტი ეჯახებოდა ქედმაღლურ ჭკუის სწავლების კედელს: „შეეგუეთ რეალობას“.
„კარგი, მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ შევქმნით ახალ რეალობას, მერე თქვენ შეეგუებით მას და ასეც მოხდა“, – თქვა ალიევმა.
ალიევის თქმით, სამართლიანობა არსებობს, უბრალოდ, საჭიროა მისი მიღწევა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, ასევე, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საზოგადოების კონსოლიდაცია.