„არასანებართვო იარაღია და აქამდე ჩვეულებრივად შემოგვქონდა… ძირითადად Airsoft-ში და ძაღლის გასაწვრთნელად იყენებენ“ – ახალი რეგულაციით, სასიგნალო იარაღი ცეცხლსასროლს გაუტოლდა

„არასანებართვო იარაღია და აქამდე ჩვეულებრივად შემოგვქონდა… ძირითადად Airsoft-ში და ძაღლის გასაწვრთნელად იყენებენ“ – ახალი რეგულაციით, სასიგნალო იარაღი ცეცხლსასროლს გაუტოლდა
„იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ე.წ. სასიგნალო იარაღი ცეცხლსასროლ იარაღს გაუტოლდება და ლიცენზირებულ მაღაზიებში მხოლოდ სპეციალური ნებართვით გაიყიდება.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოიპოვონ.
ახალი რეგულაციით, სასიგნალო იარაღი, მისი ვაზნების დამზადება და ამ იარაღით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა იქნება.
სასიგნალო იარაღი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც სინათლის, ბგერის ან სხვა ტიპის სიგნალების გასაშვებად გამოიყენება, ძირითადად საგანგებო სიტუაციებში, სამხედრო ოპერაციებში, ნავიგაციასა და სპორტულ ღონისძიებებში.
სასიგნალო იარაღების მოხმარების წესში ვკითხულობთ, რომ გამოყენების დროს უნდა ვუფრთხილდეთ სხეულის დამწვრობას, ხანძრის გაჩენას და ასევე, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ადამიანებზე. სხვა მხრივ იარაღი სიცოცხლისთვის უსაფრთხოა და მისით გარდაცვალების შემთხვევა უახლოეს სტატისტიკაში აღრიცხული არ არის.
აქამდე სასიგნალო იარაღები არასანებართვო კატეგორიაში იყო და შესაბამისად, იარაღის მაღაზიების ნაწილს ახალ რეგულაციებზე ინფორმაცია არ აქვთ. „კომერსანტთან“ ინტერვიუში მაღაზია „მონადირის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში, ამ იარაღებით ძირითადად ძაღლებს წვრთნიან, ამიტომაც მისი რეგულირების შეფასება უჭირს.
,,არასანებართვო იარაღია და აქამდე ჩვეულებრივად შემოგვქონდა. ასეთი სახის იარაღებს მოქალაქეები ძირითადად სპორტული თამაშებისთვის (Airsoft) იყენებენ, სხვა ყველაფრისთვის ფაქტობრივად, უსარგებლოა“,- გვეუბნებიან მაღაზია „მონადირეში“.
ხმის და ვიზუალის გათვალისწინებით, მაღაზია „იატაგანი“ ლიცენზიებს მიესალმება, თუმცა აქაც ადასტურებენ, რომ იარაღი ადამიანის უსაფრთხოებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.
,,ჩვენთან ამ იარაღს ძირითადად, მონადირე ძაღლების გასაწვრთნელად იყენებენ. ამ იარაღის შეძენა-შენახვა შესაძლებელია, მაგრამ ღიად ტარება კანონით აკრძალულია, რადგან ვიზუალურად ნამდვილ იარაღს ძალიან ჰგავს. ასეთ იარაღებში ლულა დახშულია და აბსოლუტურად უსაფრთხოა. რეგულაციებს ალბათ, მაინც მივესალმები, კი უსაფრთხოა, მაგრამ ჩვეულებრივი იარაღის ხმა აქვს და მოულოდნელად ან შესაშინებლად რომ ისროლო, შეიძლება ნამდვილი ეგონოთ, საკმაოდ ძლიერი ხმაა აქვს. სასიგნალო იარაღზე მოთხოვნა ძირითადად ახალი წლის დღეებში იზრდებოდა“,- აღნიშნა „იატაგანის“ წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.