არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა მაისის ბოლოსათვის 635.30 მლნ ლარით გაიზარდა – სებ-ი

საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2024 წლის მაისის მდგომარეობით აქვეყნებს.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის მაისის ბოლოსათვის 52.98 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 635.30 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით ნაკლები). მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 92.34 მლნ ლარით, ანუ 0.40%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.45%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 542.96 მლნ ლარით, ანუ 1.85%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.53%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის მაისის ბოლოსათვის 50.21 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.45 პროცენტული პუნქტით).
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.39% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.03%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.78%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 77.91%, ხოლო ევროს წილმა 20.42% შეადგინა.