2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში 17 კომერციული ბანკი და ერთი მიკრობანკი ფუნქციონირებდა და (სს „კრისტალმა“ მიკრობანკის ლიცენზია მიიღო 2025 წლის თებერვალში). ამავე პერიოდში არარეზიდენტი მესაკუთრეების მონაწილეობა ბანკების აქტივებში, საბოლოო მფლობელობის მიხედვით, 88.26 პროცენტს, ხოლო სააქციო კაპიტალში – 87.6 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცნობილი სებ-ის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშიდან გახდა.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებდა საბანკო ჯგუფების სტრუქტურის შეფასებასაც, მათ შორის, საქართველოში ლიცენზირებული ბანკების მშობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებას და არსებული რისკების ბანკზე გადმოცემის შეფასებას.
„2024 წელს ჯგუფის სტრუქტურის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის, 2024 წლის მარტის თვეში, საქართველოს ბანკის ჯგუფმა ერთ-ერთი სომხური კომერციული ბანკის – სს „ამერიაბანკის“ 90%-იანი წილი შეიძინა, აქედან 30%-იანი წილი საქართველოს ბანკის პირდაპირ მფლობელობაშია. 2024 წელს იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. კრედო ბანკში განხორციელებული ინვესტიცია მიზნად ისახავს გააძლიეროს კრედო ბანკის ინიციატივა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების მიწოდების გზით, მხარი დაუჭიროს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს. კრედო ბანკმა თავადაც განახორციელა ინვესტიცია 2024 წელს და საქართველოში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვადიერის „ქიფზ.მი“ -ს 36%-იანი წილი შეიძინა.
ამასთან, ეროვნული ბანკი განაგრძობს კონსოლიდირებული ზედამხედველობის ჩარჩოს შემუშავებაზე მუშაობას, რომლის მანდატიც ეროვნულ ბანკს 2017 წლის ბოლოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მიენიჭა. კონსოლიდირებული ზედამხედველობის დანერგვა, ე.ი ზედამხედველობა საბანკო ჯგუფის დონეზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საბანკო სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებას, საბანკო ჯგუფისა და საბანკო ჯგუფთან დაკავშირებულ პირთაგან მომდინარე რისკებისა და საბანკო ჯგუფზე მათი გავლენის შეფასების შედეგად. 2023 წლის ოქტომბერში საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და კომერციული ბანკების მიერ კონტროლისა და მართვის სტანდარტების დახვეწის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში.
პოლიტიკა/პროცედურების 82 ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ბანკებს განესაზღვრათ 6 თვიანი ვადა, შესაბამისად, 2024 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა აღნიშნულ დებულებებთან დაკავშირებით კომერციული ბანკებისათვის შესაბამისი კონსულტაციების გაცემა და მონიტორინგი ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულებისა. ბანკის მიერ დაკავშირებულ პირებთან განხორციელებული ტრანზაქციები და დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობა წარმოადგენს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვისა და ჯგუფის სტრუქტურის რისკის შეფასების ნაწილს“, – ნათქვამია ანგარიშში.
