„არანაირი მხარდაჭერა არ გვაქვს. ევროპაში, სადაც მსგავსი კურორტებია, სახელმწიფო ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს დებს“ – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

2024 წლის პირველი ნახევარი ნორმალურად დავიწყეთ. საკმაოდ გაზრდილი იყო მოთხოვნა როგორც ადგილობრივებისგან, ისე უცხოელებისგან, თუმცა ბოლო 5-6 თვის განმავლობაში უცხოელი მომხმარებლების რაოდენობა 1%-საც არ შეადგენს, – ამის შესახებ ამის “ბიზნესპარტნიორს” თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ტურისტების რაოდენობა მომხმარებლების 25%-ს შეადგენდა.
სალომე ყვავილაშვილის განცხადებით, ასევე, შემცირებულია ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობაც და საერთო ჯამში საერთო ჯამში, წინა წელთან შედარებით, კურორტის სერვისებზე მოთხოვნა დაახლოებით, 30%-ით ნაკლებია.
როგორც კურორტის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ნაკლები მხარდაჭერაა.
“ტურიზმის დეპარტამენტი არანაირ დახმარებას არ გვიწევს. მსოფლიოში პოპულარიზაციის თვალსაზრისით ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერა გვჭირდება. აუცილებელია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს ის ინფორმაცია თუ რა უნიკალური მომსახურებები და ბუნებრივი რესურსები გაგვაჩნია. სამწუხაროდ, არანაირი მხარდაჭერა არ გვაქვს მათგან. ევროპაში, სადაც მსგავსი კურორტები არის განვითარებული, მერწმუნეთ, რომ სახელმწიფო ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს დებს. ყველაზე დიდი პოტენციალი ეკონომიკურ ზრდაში საქართველოში ტურიზმს აქვს, თუმცა ამ კუთხით არანაირი ხელშეწყობა არ არის.
საერთაშორისო ბაზრების მოძიების კუთხით ჩვენ თავად ძალიან ვაქტიურობთ. გავხდით European Spas Association-ის წევრი. გარდა ამისა, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი რამდენიმე თვის წინ ბალიზე, საერთაშორისო კონგრესზე იყო წარდგენილი, სადაც 3000-ზე მეტი დელეგატი იყო ჩასული. ჩვენ იქ წარვადგინეთ ახალი მიმართულება – ჰიდროკინეზიოთერაპია. აღნიშნული მიმართულებით მომსახურება უკვე დავიწყეთ და დაახლოებით, 6 თვეში სამედიცინო კვლევებსაც ვიწყებთ, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ “ბალნეოთერაპია” კურორტოლოგიაში და მინერალურ წყლებზე არ ჩატარებულა. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გავიდეთ, თუმცა მერწმუნეთ კერძო ბიზნესი ამას სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ვერ შეძლებს”, – აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.
bp.ge