„არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო“ – კახა შენგელია სოსო ბერიკაშვილზე

კავკასიის უნივერისტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია სტუდენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ სოსო ბერიკაშვილის დეკანის პოზიციიდან გათავისუფლება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებს უბრალოდ დაემთხვა.
„ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის. საჯაროდ ვაცხადებ არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო.
ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოს და ბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა“, – წერს კახა შენგელია.