არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად, NASA-მ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ხომალდი გაუშვა

NASA ძლიერ სერიოზულად ეკიდება არამიწიერი სიცოცხლის ძებნას, მათ შორის, მზის სისტემაშიც კი.
14 ოქტომბერს, SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით, სააგენტომ ხომალდი გაუშვა იუპიტერის მთვარე ევროპასკენ.
მეცნიერთა აზრით, ევროპას ყინულოვანი ქერქის ქვეშ, ვრცელი მლაშეწყლოვანი ოკეანეა, რომელშიც იმაზე ორჯერ მეტი წყალია, ვიდრე მთელ დედამიწაზე. შედეგად, ის ყველაზე იმედისმომცემი ადგილია მზის სისტემაში აქტიური არამიწიერი სიცოცხლის არსებობისთვის.
NASA-ს მისიას Europa Clipper-ი ჰქვია და მისი მიზანია გაარკვიოს, არის თუ არა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო იუპიტერის ამ მთვარეზე. ის ყველაზე დიდი პლანეტათაშორისი კოსმოსური ხომალდია, რაც კი ოდესმე NASA-ს აუგია. ზონდის სიმაღლე დაახლოებით 4,88 მეტრია და როცა მისი მზის პანელებიც გაშლილია, სიგანეში 30 მეტრამდე აღწევს. წონა 3,5 ტონაა.
Clipper-ი პირველი მიზანმიმართული მისიაა დედამიწის მიღმა სხვა რომელიმე ოკეანური პლანეტური სხეულის გამოსაკვლევად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპაზე სიცოცხლე არ არის, ამ მისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში, ვინაიდან, ოკეანური პლანეტები სიცოცხლის არსებობის ძირითადი კანდიდატებია გალაქტიკის მასშტაბით.
„ჩვენ, მეცნიერები, Europa Clipper-ის მსგავს მისიებზე ოც წელიწადზე მეტია, ვოცნებობთ. მის აგებაზე ათი წელი ვმუშაობდით. სამეცნიერო საქმიანობის დასაწყებად მას კიდევ ათი წელი დასჭირდება, რადგან იუპიტერი ჩვენგან საკმაოდ შორსაა“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავათა ლაბორატორიის (JPL) დირექტორი ლორი ლეშინი.
ხომალდმა იუპიტერამდე მისასვლელად 2,9 მილიარდი კილომეტრი უნდა გაიაროს; გზად სიჩქარის აკრეფაში მარსის გრავიტაცია დაეხმარება. დანიშნულების ადგილად 2030 წლის აპრილში მივა.
აქ, დედამიწაზე, ოკეანის ფსკერზე სიცოცხლე მზის სინათლის გარეშეც არსებობს. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, ენერგიის წყაროა, მაგალითად, ჰიდროთერმული ღრმულები, რომლებიდანაც პლანეტის წიაღიდან წამოსული სითბო ამოდის; და ორგანული მოლეკულები, რომლებიც ძირითად ელემენტებს შეიცავენ — ნახშირბადს, აზოტს, ჟანგბადსა და წყალბადს.
Europa Clipper-ს ცხრა სამეცნიერო ინსტრუმენტი აქვს, რომლებითაც ამ მოლეკულათა კვალს მოძებნის, გაზომავს ზედაპირქვეშა ოკეანის მარილიანობას და გადაიღებს ერთი მეტრის რეზოლუციის ფოტოებს.
„სინამდვილეში, Clipper-ი თავად სიცოცხლეს კი არ მოძებნის, არამედ დაახასიათებს ევროპას სიცოცხლისუნარიანობას“, — ამბობს NASA-ს პლანეტური მეცნიერების განყოფილების დირექტორი ჯინა დიბრაჩიო.
ვრცლად პირველ არხზე

ასევე დაგაინტერესებთ