არამიზნობრივი სესხის აღება რისკია, რომ შეიძლება, რაღაც პრობლემა შეგექმნას – ვახტანგ ჭარაია

არამიზნობრივი სესხის აღება კი უკვე რისკია, რომ შეიძლება, რაღაც პრობლემა შეგექმნას და გასაჭირში ჩავარდე, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უამრავი მაგალითია, როდესაც ადამიანები ბიზნეს სესხს იღებენ და ამ თანხით დასასვენებლად მიდიან ან ბინის რემონტს აკეთებენ, არამიზნობრივი სესხის აღება კი დიდი რისკია.
„ამიტომ ფინანსური განათლება აუცილებლად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეგულაციები მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, ოღონდ აღსრულების კონტექსტში, თორემ, პრინციპში, მეტი რაღა უნდა მიიღონ კანონმდებლობის თვალსაზრისით?! გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი სიტუაციების გაქრობის ერთ-ერთი გზა არის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მაღალი შემოსავლების ქონა საზოგადოებაში, სადაც ადამიანს უკვე არ ექნება ხიბლი, რომ აქეთკენ გაიხედოს და, ასე ვთქვათ, იოლი ფული აიღოს. ის თვითონ იქნება უზრუნველყოფილი ისეთი რეალობით და ცხოვრებით, სადაც ბანკშიც შეეძლება, თამამად მივიდეს, თუ სწრაფი სესხი დასჭირდა ან, ბოლოს და ბოლოს, დანაზოგი ჰქონდეს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე უნდა დაწესდეს თუ არა სანქციების კონკრეტული სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ეს მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობას, ფულის მსესხებელთან შედგეს თაღლითური გარიგება, ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს ასარგებლებს, თუმცა ფაქტების ნულამდე დაყვანა ალბათ მაინც ვერ გამოვა.