უკრაინისთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის ბრძოლასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთი, რომელიც მოღალატეობით თავს დაესხა ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევაზე. საგულისხმოა, რომ ქართველი ჩინოვნიკის აღნიშნულ განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ ერთხელაც არ ყოფილა ნახსენები. სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაცია, რომელთა გარჩევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან რთული გახდა. რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ასეთი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებენ რუსულ ნარატივებს და იყენებენ უკრაინას საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, თავისუფლებისა, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებისკენ.