„არამდგრადია 11%-იან ზრდაზე საუბარია, მინიმუმ კვარტალურ შედეგებს უნდა დაველოდოთ“ – გიორგი ხიშტოვანი

„უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ პოლიტიკური კრიზისის ეფექტი ეკონომიკაზე იქნება საშუალო და გრძელვადიანი – მოკლევადიან პირობებში ეკონომიკა აგრძელებს საქმიანობას“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეს მონაცემები აჩვენებს, რომ „ეკონომიკური კრიზისი იანვარ-თებერვალში არ შედგა“, თუმცა, ეფექტები შეიძლება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აისახოს. ამასთანავე, ხიშტოვანმა მიმოიხილა ის ინდიკატორები, რამაც ხელი შეუწყო რიცხვებში ეკონომიკის ზრდას.
„ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ან სტაბილური მდგომარეობა, ან გვაქვს მცირე გაუმჯობესება. დეტალურად რომ ჩავშალოთ: ინფლაცია იზრდება, მაგრამ იზრდება ნელი ტემპით და არ იღებს საგანგაშო ხასიათზე. დასაქმებაზე საუბრისას ოფიციალურ სტატისტიკაზე მეტად ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებენ, იანვრის მდგომარეობით, ჩვენი დათვლით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია დაახლოებით 4%-ით წინა წლის იანვართან შედარებით. რაც შეეხება გადასახადებს, საერთო ჯამში იანვარში აკრეფილი გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაზრდილი. რომ შევაჯამოთ, ჩვენ არ ვართ ეკონომიკურ კრიზისში, თუმცა, გვაქვს სიგნალები, რომ შესაძლოა, ეს მდგომარეობა შეიცვალოს უარყოფითისკენ“, – აღნიშნავს ხიშტოვანი.
მანვე აღნიშნა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორის მოგების ზრდით, თუმცა ეს ეფექტი მყისიერია და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკაში შემოსავლების ზრდას არ უზრუნველყოფს.
„არამდგრადია 11%-იან ზრდაზე საუბარია, მინიმუმ კვარტალურ შედეგებს უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება მიზეზებს – როდესაც ვსაუბრობთ ყოველთვიურ ექსპრეს მონაცემებზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი გარემოება, ეს არის დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის საფუძველზე დადგენილი მაჩვენებელი. დაახლოებით 15%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა და ამან გამოიწვია ეკონომიკის ამხელა ზრდა.
თუმცა, ავიღოთ მშენებლობის და უძრავი ქონების მაგალითი – სამშენებლო კომპანიები აგენერირებენ ბრუნვას, რადგან იმისთვის, რომ აწარმოო და ააშენო, გიწევს სხვადასხვა პროდუქციის შეძენა, ადამიანების დაქირავება და ეს ყოველივე იწვევს ეკონომიკური ზრდის ინიცირებას. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, რამდენად არის მოთხოვნა აშენებულ სახლებზე.
აქ ძალიან საინტერესო მონაცემები გვაქვს – ვნახეთ, რომ იანვარში კლება გვაქვს. უძრავი ქონების ბაზარზე გვაქვს ჭარბი მიწოდება და პარალელურად გვაქვს გაყიდვების 5-10%-ით კლება. ქაღალდზე არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორის სერიოზული ბრუნვით, მაგრამ თუ ეს ბინები და უძრავი ქონება არ გაიყიდა, ეს იქნება დროში გაწერილი ბომბი, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება აფეთქდეს, რადგან აღმოჩნდება რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რეალურად არ აგენერირებს ახალ შემოსავლებს, რამაც ამ ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდა უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ წლიურად 11.1% შეადგინა. იანვარში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. ამავე პერიოდში კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო მოპოვებით მრეწველობის სექტორში.