“არავის მივცემ უფლებას, რომ ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვიოს” – ნანიკო ხაზარაძე და ნიკა ლომიძე OK!-ის ობიექტივში – Marao

“ერთმანეთის სიყვარულზე და გატანაზე მნიშვნელოვანი არაფერია… ახლა რაღაცები დგება ჩემსა და ნიკას შორის. არავის მივცემ უფლებას, რომ ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვიოს” – ცნობილი ტელეწამყვანების, ნანიკო ხაზარაძისა და ნიკა ლომიძის ფოტოს ჟურნალი OK! აქვეყნებს. ვრცლად ნანიკოსა და ნიკას ინტერვიუს დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ნანიკო ხაზარაძე და ნიკა ლომიძე წლების წინ ტელეკომპანია “მაესტროზე” ერთად მუშაობდნენ და მას შემდეგ მეგობრობენ.
“ერთ-ერთ კავშირგაბმულობის კომპანიაში გაყიდვებში დავიწყე მუშაობა, ვყიდდი ტელეფონის ნომრებს. დიდი სატელეფონო კონტაქტი მქონდა ადამიანებთან, არ იცოდნენ, რომ მე ვიყავი, მქონდა კარგი ანაზღაურება, უეცრად მირეკავს მამუკა ღლონტი და მეუბნება, ერთ კვირაში ვხსნი ტელევიზიას და მინდა, რომ შენ და სოსო თოლორაია წამყვანები იყოთო, ხელფასს ვერ გპირდებიო. ერთი წამით არ დავფიქრებივარ, მაშინვე წამოვედი. პირველ ეთერში არანაირი თემა არ გვქონდა, ვნერვიულობდი, არადა, გადაცემა 3-საათიანი იყო. უეცრად კვლავ დამირეკა მამუკამ და მითხრა, რომ გადავწყვიტე, შენ და ნიკა ლომიძე უნდა ისხდეთ ეთერშიო, არადა, ნიკას არ ვიცნობდი.
მეორე დღეს მივედი დილით ტელევიზიაში და სრულიად უცნობ ადამიანთან დავიწყე… და დავიწყე. ეს იყო ყველაზე მაგარი სამუშაო გამოცდილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ჩემზე იყო მონდობილი სრულიად ტელევიზია. მე და ნიკა ლომიძემ წლები გავატარეთ ერთად. დიდი მადლობა მამუკას, რომ ის ბედნიერების განცდა მომცა, რომელიც დღემდე ხელის გულზე მატარებს”, – ასე იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე განვლილ წლებს.
ნიკა ლომიძის მეუღლე მოცეკვავე თეა გობეჯიშვილია. მათ ერთი ქალიშვილი, ნიტა ლომიძე ჰყავთ, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს, თუმცა ნიტა ფართო საზოგადოებამ პატარა ასაკში გაიცნო. ის არაერთი პოპულარული შოუს მონაწილე იყო და დედის გზას აგრძელებდა.
“მე და თეა თითქმის ერთი სფეროს წარმომადგენლები ვართ. ჩვენთვის უცხო არ არის ურთულესი გრაფიკი, რომლითაც ვმუშაობთ და არც ის, რომ 24 საათის განმავლობაში გარეთ ვართ… ეს ჩვენთვის ნორმალური მდგომარეობაა და ალბათ, ამის გამოც, ერთმანეთის გაგება არ გვიჭირს. საოჯახო საქმესაც თანაბრად ვინაწილებთ: ჩემთვის არ არსებობს ე.წ. ქალის ან კაცის საქმე. როდესაც ოჯახში რაღაც გასაკეთებელია, ორივემ უნდა გააკეთოს. თანაც, ჩვენთან ეს პრობლემა ნაკლებად იგრძნობა, რადგან სახლში არც ერთი არ ვართ. ჩვენთვის უცხოა ისეთი ოჯახი, რომელსაც ფილმებში აჩვენებენ: საღამოობით, ყველა სუფრას რომ შემოუსხდება და ერთად ვახშმობს, შობას, ახალ წელს და სხვა დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ”, – ამბობდა ნიკა.