“არავის არ ვავალდებულებ არაფერს. უბრალოდ მორალური საკითხია და ავხსნი რა და როგორ…”

ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი მილაძე:

არავის არ ვავალდებულებ არაფერს. უბრალოდ მორალური საკითხია და ავხსნი რა და როგორ:
როდესაც რესტორანში მიდიხართ და ქეიფში 90 ლარს, ან 140 ლარს იხდით, ხომ 100 ლარს და 150 ლარს იხდით?! ე.წ. ჩაის ხომ ტოვებთ?! დიახ, ასე შვრებით ნამდვილად და კარგია ეს ფაქტი. მაგრამ როცა ასეთ თოვლში კურიერს მოაქვს შეკვეთა თქვენს კარამდე და შენსკენ მომავალს ჩაფხუტის ვიზორი [შუშა] თოვლით ეფარება, შიგნიდან იორთქლებს და ამ ვიზორის აწევა უწევს, რომ გზა ასე მაინც დაინახოს, თუმცა ინტენსიური თოვა თვალებში ეფერფლება და შენს შემაღლებულ კორპუსამდე მოსასვლელადაც კიდევ 5-10 წუთს ბუქსაობაში ხარჯავს, 1 ან 2 ლარი რომ დაუმატოთ შეკვეთაზე, დავიჯერო ბიუჯეტში გარღვევა გექნებათ? რესტორანში ბევრი თვალი გიყურებთ და ტეხავს 10 ლარის წამოღება? თუ რა განსხვავებაა ამ ორ ქმედებას შორის? არა და, იცით რამდენი კურიერი დაშავებულა და გარდაცვლილა თქვენკენ მომავალი? იცით რამდენს უჩქარია, რომ ცხელი შეკვეთა მოეტანა თქვენამდე? იცით რას ნიშნავს აფთიაქიდან წამლის აღება და ფიქრი იმაზე, რომ დროზე მივუტანო, ვინ იცის როგორ სჭირდება? ასეთ დროს 2 ლარი გაგაღატაკებთ? ელემენტარული პატივისცემაა და ნიშანი იმისა, რომ ასეთ დროს აფასებ შრომას. ეს ქმედება კულტურის ნაწილია, რაც ამერიკაში, რუსეთში და ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია.
არ მინდა ისე გამოვიდეს ახლა, რომ ყველა ერთ ქვაბში მოვხარშო. შეგნებულის მეტი რა არის. დღეს ერთმა მომხმარებელმა 15 ლარი დამიტოვა ელექტრონული ჩაის სახით. 50 ლარიც დატოვებით. განა ვალდებული იყო, მაგრამ ესმის ამ ცხოვრების და ეგაა რა.
არავის შევცქერით ხელებში. ასე რომ იყოს, სხვა გზებს გამოვნახავდით ეს ხალხი. დედის ტოლი ქალბატონები მუშაობენ და იცით რატომ? ასე თუ ისე წვალებად გვიღირს ეს საქმე და არავინაა ჩვენი უფროსი ჩვენივე თავების გარდა. კურიერს, ტაქსისტს, მიმტანს და სხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს არაფერი სიამოვნებთ იმაზე მეტად, ვიდრე ქმედებით გამოხატული მადლიერება. მადლობა ყველა შეგნებულს და ღმერთმა უფრო მეტი მოგცეთ