“არავითარ შემთხვევაში” – ნიკა კაცია კითხვაზე, აღიარებს თუ არა ბრალს

ჟურნალისტი ნიკა კაცია პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე მიუთითებდა, რომ მას ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე, მისი თქმით, არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.
კაციას ადვოკატმა ნინო ლომინაძემ მოითხოვა მისი დარბაზიდან გათავისუფლება, ალტერნატივის სახით კი შესთავაზა 10 000-ლარიანი გირაო.
მან ხაზი გაუსვა, რომ ნიკა კაცია არ არის ნასამართლევი. ადვოკატის თქმით, დაუსაბუთებელია პროკურორის პოზიცია განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკებზე მსჯელობისას – ის რომ მძიმე დანაშაულში (მას ნარკოდანაშაულს ედავებიან) ედება ბრალი, არ ნიშნავს, რომ ეს დანაშაული მან ან აქამდე ნამდვილად ჩაიდინა, ან, მით უფრო – მომავალში ჩაიდენს.
რაც შეეხება მიმალვის რისკებს – ადვოკატმა მოსამართლეს შესთავაზა გირაოსთან ერთად სხვა ისეთი აღკვეთის ღონისძიების ფორმების გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მის გადაადგილებას.
მოსამართლემ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა და ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 11:00 საათზე განახლდება.
დღესვე, მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს მოპოვებული მტკიცებულებები.
დაცვის მხარემ ბრალდების, ხოლო პროკურორმა ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მასალების ნაწილის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხვა მოითხოვა. მოსამართლემ ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა – არსებითი განხილვის ეტაპზე მხოლოდ ის მტკიცებულებები განიხილება, რომელიც ორივე მხარემ დასაშვებად ცნო.
სხდომის დასაწყისში კაციას ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის აცილება მოითხოვა.
მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე გაჟღერდა ნიკა კაციას დაკავების დროს მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიცირების, ასევე ძალის გადამეტებისა და პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების შესახებ ინფორმაცია, სასამართლომ საკითხის შესასწავლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. გარდა ამისა, საკითხის შესწავლაზე პასუხისმგებლობა ეკისრება -ს გენერალურ ინსპექციას.
ადვოკატი ინფორმირებული არ არის, კონკრეტულად რომელი უწყება იკვლევს საკითხს ან დაწყებულია თუ არა გამოძიება საერთოდ. თუმცა მისი თქმით, საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე არის იმ დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც შსს-ს გენერალური ინსპექციის საპროცესო ხელმძღვანელობა ევალება. ინტერესთა კონფლიქტის საფუძვლით, ადვოკატმა პროკურორის აცილება მოითხოვა – არ შეიძლება ადამიანი დაკავებულს ბრალს უყენებდეს და მის პატიმრობას მოითხოვდეს და პარალელურად, მუშაობდეს დეპარტამენტში, რომელიც ამავე დაკავებულის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის მოკვლევა/გამოძიების საკითხს ხელმძღვანელობს.
ნუგზარ ჭიტაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. უფრო მეტიც, საერთოდ არ იცის, დაწყებულია თუ არა გამოძიება. მისი თქმით, ის დეპარტამენტში სხვა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საპროცესო ხელმძღვანელია და არა იმ უწყების, რომელსაც კაციას მიმართ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის შესწავლის მოთხოვნით მიმართეს.
მოსამართლე ნინო თარაშვილმა განმარტა, რომ პროკურორის აცილებისთვის საჭიროა არსებობდეს კონკრეტული ფაქტები და მხოლოდ ვარაუდით, თუნდაც ის იყოს საკმარისად დასაბუთებული, მას საქმეს ვერ ჩამოაშორებს. სწორედ ამიტომ, მან არ დააკმაყოფილა პროკურორის აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.
არსებითი განხილვის ეტაპზეც ნიკა კაციას საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე იქნება.
ნიკა კაციამ კითხვაზე, აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალს, უპასუხა: “არავითარ შემთხვევაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს, გვაქვს მსხვერპლი – სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!