არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძესთან — კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი უარყოფს, რომ თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაში მედია დაადანაშაულა.
„მე ეს არ მითქვამს. მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები. ტელევიზიებზე თუ ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ორი სამარცხვინო მედიასაშუალება: „ტვ პირველი“ და „ფორმულა“, რომლებიც ათას ტყუილს გვკადრულობდნენ. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის არ იყოს… ჩემთვის არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია“, — განაცხადა კობახიძემ და მაგალითად მოიყვანა, რომ რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიაში აუზს კობახიძისთვის ხურავდა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული აუზი თვალით არ უნახავს.
„რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ჩვენ არაფერს არ ვაბრალებთ. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს… რა შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კანონიერი ქურდების მფარველობას, თუ არა ეს რა იყო… თქვენ ავრცელებდით ათას სამარცხვინო ტყუილს, მათ შორის თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებითაც. მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძესთან“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „თბილი შეხვედრები“ და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
9 ივლისს, როდესაც თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია, რომელიც, მისი შეფასებით, ტყუილს და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდა რიჟვაძის შესახებ.
დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, აკისრებდა თუ არა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მედიას, კობახიძემ რამდენიმე წუთით ადრე თავისივე ნათქვამი უარყო და განაცხადა — „არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ.“
„ვინ აბრალებდა მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას?“ — ეს კითხვა კობახიძეს მედიის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:
„მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ?! ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის, იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული. უამრავი ტყუილი ვრცელდება. არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, ეს არის „ფორმულა“.