„არაერთხელ გავხდით გარე ძალების ჩარევის ობიექტები“ – ყაველაშვილი ბაქოში ალიევს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ეს მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მოწყობილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკაზე, მჭიდრო კავშირებსა და საერთო ინტერესებზე.
მიხეილ ყაველაშვილმა, – რომელიც სგან განსხვავებით თავის სიტყვას წინასწარ მომზადებული ტექსტიდან კითხულობდა, – თქვა:
„სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით ამ საფრთხეებს“.
მსგავსი განცხადება წარსულში გააკეთა ილჰამ ალიევმაც. 9 აპრილს მან თქვა, რომ „ევროკავშირი საქართველოს კოლონიალისტივით ექცევა“, „შიდა საქმეებში ერევა“ და „ხალხის ნებას უგულებელყოფს“.
„დღეს არსებული გლობალისტური ეპოქა, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით … ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება… ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, „ჩვენს ქვეყნებს შორის არსეუბლმა ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა, რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა“.
„შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის. მიხარია, რომ საერთო ინტერესების დასაცავად ჩვენს შორის თანამშრომლობამ ინტენსიური სახე მიიღო“, – თქვა განაცხადა ყაველაშვილმა.
„დარმწუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ლიბერალური ღირებულებებით“, – თქვა მან.
მან ასევე თქვა, რომ საქართველო „მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას“. ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ ერევანი და ბაქო ახლო მომავალში მოაწერენ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას.
მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი წინა დღეს, 15 აპრილს დაიწყო. ის თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მიიღო.
ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:
· ლაშა დარსალია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
· „ქართული ოცნების“ პარლამენტარები, სავალან მირზოევი, გივი მიქანაძე და ზაურ დარგალი;
· ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
ფორუმი