„არაერთი წელია, რაც დამსაქმებლების მხრიდან გამოითქმის პრეტენზია, რომ ყველა სფეროში მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემა“

„შესაძლოა, უცხოელის ქვეყნიდან გაძევებითაც კი დასრულდეს,“ – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ შურღაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი პარლამენტმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, „უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი“.
აღსანიშნავია, რომ „შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
„არაერთი წელია, რაც დამსაქმებლების მხრიდან გამოითქმის პრეტენზია, რომ ყველა სფეროში მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემაა, შესაბამისად, სადაც არის მოთხოვნა, ჩნდება მიწოდებაც. დღეის მდგომარეობით, სისტემაში 42 ათასი ადამიანია აღრიცხული, ანუ ამ რაოდენობის უცხოელი ლეგალურად არის დასაქმებული საქართველოში, თუმცა ამავე კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ ორი წლის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა საქართველოში, ეს ადამიანები სავარაუდოდ, დასაქმებულები არიან, თუმცა არალეგალურად.
რაც შეეხება უცხოელის დასაქმების პროცედურას, აქამდე დამსაქმებლის მიერ ხდებოდა უცხოელის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნდა. მხოლოდ რეგისტრაცია იყო საჭირო, რომ უცხოელი ლეგალურად ყოფილიყო დასაქმებული, არანაირი სხვა დამატებითი მოთხოვნები ამ ეტაპზე არ ყოფილა.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, იმისათვის, რომ უცხოელი ლეგალურად დასაქმდეს საქართველოში, პირველ რიგში საჭიროა, ჯანდაცვის სამინისტროდან სპეციალური თანხმობა იყოს მოპოვებული.
როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის კანონში გათვალისწინებულია ჯარიმა – ნებართვის გარეშე საქმიანობის შემთხვევაში ორივე მხარეს 2000-2000 ლარი დაეკისრება, დარღვევის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება და შემდეგ სამმაგდება. მეტიც, ეს პროცედურა შესაძლოა, უცხოელის ქვეყნიდან გაძევებითაც კი დასრულდეს,“- განაცხადა შურღაიამ.
მისი თქმით, კანონის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ცვლილების მიხედვით, უცხოელი, რომელიც მოიპოვებს დასაქმების ნებართვას მხოლოდ იმ კონკრეტულ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებას მიიღებს, ვისაც მიუთითებს განცხადების წარდგენის დროს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, პროცედურების გავლა თავიდან მოუწევს, ამჯერად ახალ დამსაქმებელთან ერთად.
„დამსაქმებელთა ასოციაციას ჰქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან და ვაპირებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური დიალოგი წარვმართოთ, რათა ნორმატიულ აქტებში მნიშვნელოვანი დეტალები მოწესრიგდეს,“ – აღნიშნა მან.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი