“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ეხმაურება “ოცნების ქალაქში” ორი ბავშვის დაღუპვას. ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების პრევენცია სახელმწიფოსა ვალდებულებაა.
PHR მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა.
ორგანიზაცია ჩამოთვლის ბავშვთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რისი უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ევალება:
· სახელმწიფო იღებს ბავშვის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ყველა ზომას;
· ბავშვები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ ნებისმიერ საჯარო თუ კერძო სივრცეში;
· სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრების სათანადო პირობების დაცვის სტანდარტების შემუშავებასა და მის უწყებათაშორისი, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელებას;
· უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება;
· სახელმწიფოს ევალება ყველა საჭირო ღონისძიების მიღება სხვადასხვა სახის სოციალური საფრთხის, სიღარიბისა და ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის აღმოსაფხვრელად;
· ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მომსახურებით;
· ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს;
· ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას;
· ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი ჩავარდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა.
ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩააგდო. ამ ღონისძიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი.
