ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესჯგუფის – “სილქ ჯგუფის” დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, არადამაჯერებელია. როგორც მან BMG-სთან საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება ბიზნესმენისგან, სავარაუდოდ, “რაღაცას ითხოვს”.
“როდესაც [ავტორიტარული რეჟიმი] ეკონომიკური ცხოვრების კონტროლს იწყებ, ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე გარე საკვები გელევა, ურჩხული ისეთი ბუნებისაა, რაც უფრო იზრდება, მეტი საკვები სჭირდება და, რომ აღარ ყოფნის, საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს – დაახლოებით ამ ისტორიას ვაკვირდებით. დაბეჯითებით არ შემიძლია საუბარი, მაგრამ მაღალი ალბათობით, გიორგი რამიშვილი, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაშია აყვანილი. მას რაღაცას სთხოვენ. თავისას სთხოვენ თუ მის საახლობლოზე მიმდინარეობს შეტევა, ამას დრო გვიჩვენებს. თავად რომ იარაღი დარჩა ჩანთაში, არადამაჯერებელი ვერსიაა. ბუნებრივია, საქმე ბევრად უფრო რთულადაა. ეტყობა ხელისუფალმა დაინახა გარკვეული რისკი, რომ შეიძლებოდა ის გარკვეული პერიოდი ქვეყანაში არ დაბრუნებულიყო და არ მისცეს ამის საშუალება, სანამ “რაღაცას” არ გააკეთებს. ეს “რაღაცა” რა არის, ამაზე ჭორაობას ვერ დავიწყებ, ფაქტობრივი, დოკუმენტური ინფორმაცია ამაზე არ მაქვს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
