ამხელა ბაზრიდან 5 ინფლუენსერის ჩამოყვანა არის არაგონივრული და არაეფექტური ხარჯი, – ასე აფასებს “საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” თავმჯდომარე, ლაშა ბერეკაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა.
მისი თქმით, საქართველო მიზანმიმართულ, მარკეტინგულ კამპანიებს სწორ ბაზრებზე არ აკეთებს. აღნიშნულს, ბერეკაშვილი იმით ამყარებს, რომ პარალელურად, იგივე კამპანიის ფარგლებში ინდოეთიდან საქართველოს ათეულობით ინფლუენსერი ეწვია.
„ფოტოზე 5-6 ადამიანი ვნახე. არ ვიცი, შეიძლება მეტიც იყვნენ, შეიძლება ფოტოში მეტი არ ჩანდა. რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა, რადგან ამხელა ქვეყნის ამხელა ბაზრიდან 5 ინფლუენსერის ჩამოყვანა არის არაგონივრული და არაეფექტური ხარჯი, რადგან პარალელურად ვხედავთ ინდოეთიდან იგივე კამპანიით ათეულობით ჟურნალისტი თუ ტუროპერატორია ჩამოყვანილი, რომელთა კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ამასთან დაკავშირებით, არასასიამოვნო გამოცდილება გვქონდა. უფრო კონკრეტულად, გამოცხადდა რომ დუბაი – აბუ-დაბიდან ქვეყანაში 200-მდე ინფლუენსერი ჩამოვიდა. მაშინ, როდესაც ინფლუენსერთა რაოდენობა 20-მდეც ვერ შეჯამდა. თანაც, WIZZIAR-ის ფარგლებში სხვა კამპანიით იყო ხალხი ჩამოსული და ინფლუენსერებად “გასაღდნენ”. ჩვენ არ ვაწარმოებთ მიზანმიმართულ კამპანიას სწორ ბაზრებზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ქუთაისს რა პირდაპირი ფრენებიც აქვს, იმ ქალაქებში 24/7-ზე უნდა ვიყოთ და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს უნდა ვაკეთებდეთ“, – ამბობს ბერეკაშვილი.
