არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3 638 ჰექტარით გაიზრდება და 103 440 ჰექტარი იქნება

არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3 638 ჰექტარით გაიზრდება და 103 440 ჰექტარი იქნება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომას გუშინ წარედგინა.
ცვლილებების მიხედვით, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში, რომელიც ამჟამად მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს მოიცავს, ვაშლობის ხეობა მოექცევა.
ცვლილებების ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივას ეფუძნება.
ვაშლობის ხეობა გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის, იგივე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის ხეობაში მდებარეობს. ხეობის დიდი ნაწილი მთისა და მდელოს ეკოსისტემებს უჭირავს, დანარჩენი კი – ღრმა და ციცაბო ხეობებზე მდებარე მთის ტყეებსა და მყინვარულ-ნივალური ტიპის ეკოსისტემას.
„მდინარის ხეობების (ხევსურეთის, ფშავის და შავი არაგვის, თავიანთი შენაკადებით) განცალკევებული რელიეფი და ხეობების დამაკავშირებელი ქედები ლანდშაფტის უნიკალურობას განაპირობებს. ტერიტორია გამორჩეულია ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისითაც. ვაშლობის ხეობაში მდებარეობს ისეთი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა, მაგალითად, სოფელ ვაშლობში მაცხოვრის ამაღლების ეკლესია (VIII-IX სს). ვაშლობის ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხვა დაცულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშუტები და, შესაბამისად, ტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციო-ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შექმნა ის სარგებელია, რაც დაცული ლანდშაფტის გაფართოებამ, შესაძლოა, მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობას მოუტანოს. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთის, აგრეთვე ვაშლობის ხეობის ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ერთიანი მიდგომის გზით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
1tv.ge