არაბული ინვესტიციებით ქალაქგარეთ სამშენებლო პროექტის განხორციელება უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს. ახალი რეაკრეაციული და საცხოვრებელი ზონის შექმნას სპეციალისტები წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დაუშვებელია, პროექტი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფთან შეთანხმების გარეშე განხორციელდეს. არ არის გამორიცხული, მასშტაბურმა პროექტმა გენგეგმაში გარკვეული ცვლილება მოითხოვოს.
კონკრეტულად რა პროექტი განხორციელდება, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ “იგლ ჰილსმა” მრავალმილიარდიანი ინვესტიცია რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე განხორციელდება.
კომპანიის რენდერის თანახმად, ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს.
არაბთა გაერთიანებული საემიროების უძრავი ქონების კომპანია “იგლ ჰილსმა” საქართველოში, ორ პროექტში 5,7 მლრდ დოლარის ინვესტიციის ჩადების გეგმაზე განაცხადა. ერთ-ერთი პროექტია თბილისში კრწანისის პარკი, რომელიც 590 ჰექტარზე განთავსდება და მულტიფუნქციური პროექტი იქნება საცხოვრებელი და კომერციული ფართებით. აჭარაში კი “გონიო მარინას” პროექტი ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარზე მოეწყობა და მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, სასტუმროებს, პარკებს.
აღმოსავლური ქვეყნებიდან ინვესტიციების ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე საუბრობენ ურბანისტები, რომელთა შეფასებითაც, ახალი საინვესტიციო შეთანხმება ქალაქის განვითარების თვალსაზრისითაც დამატებითი იმპულსია. ურბანისტ ლადო ვარდოსანიძეს მიაჩნია, რომ პროექტი თავიდან ბოლომდე გენგეგმასთან შესაბამისი უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ასევე აჭარაშიც.
,,ცნობილია, რომ ახალი ინვესტიციები თბილისსა და გონიოში განხორციელდება. აუძრავი ქონების ბაზარი უფრო მეტად განვითარდება და ურბანული კუთხითაც დიდ ინტერესს იწვევს ეს პროექტი. დეტალები ჯერჯეორბით უცნობია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დაგეგმარებითი პირობები შესათანხმებელია. სხვადასხვა ეტაპია გასვლელი, მათ შორის, გენგეგმის ავტორებთან. რა უნდა აშენდეს და როგორ, ამაზე საუბარი არც უნდა დაიწყოს, სანამ დაგეგმარებითი პროექტი არ შეთანხმდება.
ჯერ კვლევა უნდა გაკეთდეს. აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დროს უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი კონკურენციის კუთხით საინტერესო იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ქალაქის საზღვრებში მწვანე საფარს ეკისრება – რეკრეაცია, ეკოლოგია, ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა – ამას პროექტი უნდა შეესაბამებოდეს. დღეს საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილის სწორად შერჩევა მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უალტერნატივოა, ვფიქრობ, პროექტი ამ მხრივ ყველა გამოწვევას უპასუხებს”, – განაცხადა ვარდოსანიძემ.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ გენგეგმა, სავარაუდოდ, გადაიხედება. მართალია, ამასთან დაკავშირებით ავტორებთან კომუნიკაცია ჯერ არ დაწყებულა. თუმცა გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მზადაა, რეკომენდაცია გასცეს და საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში ცვლილებაც შეიტანონ. სწორედ ამის თაობაზე გაამახვილა ყურადღება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანაავტორმა მამუკა სალუქვაძემ.
,,ინვესტიცია თავისთავად კარგი და მისასალმებელია. საუბარია თბილისსა და ბათუმზე, თუმცა, სავარაუდოდ, სხვა ქალაქებიც დაემატება. ურბანული თვალსაზრისით და არქიტექტურულადაც, საინტერესო პროექტია. გააჩნია, სად იქნება და როგორ გაკეთდება. ჯერ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია. კრწანისის ტერიტორიაზე ითქვა, მაგრამ კონკრეტულად სად, ესკიზის მიხედვით ამაზეც საუბარი ჯერ ნაადრევია.
გონიოსთან დაკავშირებით ტერიტორია ვიცით, გენგეგმაზე ვმუშაობდით და იქ გარკვეული კონცეფცია არსებობს. დეტალურ დაგეგმარებაზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს, ახლებურად გაკეთდეს, შეიძლება სხვა პროექტზეც იყო საუბარი, იქ არის დაცული ტერიტორიის ნაწილიც, ამიტომ გარემოსდაცვითი საკითხებიც გათვალისწინებული უნდა იყოს.
რაც შეეხება თბილისს, კრწანისის ტყე-პარკთან ასევე არის რამდენიმე დეგრადირებული ტერიტორია, ვინმე თუ ხელს მოკიდებს და ნორმალური რამე გაკეთდება კარგია, მაგრამ არის ასევე ტერიტორიები, რაც გამწვანებულია და იქ ჩარევა არ იქნება სასურველი. მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმის ჯგუფსაც შეეკითხონ. მათ ქალაქის ყველა ტერიტორია შესაწვლილი აქვთ და დიდ ინფორმაციას ფლობენ, ამიტომ მათი ჩართვა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სალუქვაძემ.
გამოქვეყნებული რენდერების თანახმად, გონიოში განსახორციელებელი პროექტი მაქსიმუმ 15-16-სართულიანი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, მას ასევე იახტკლუბი ექნება. ამასთან, რენდერებში არაა გათვალისწინებული, რომ გონიოს სანაპირო კენჭიანია და ის ქვიშით არის შეცვლილი.
რაც შეეხება თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტს, რენდერებზე მაღალი ინტენსივობის ნაგებობები არც ამ პროექტის შემთხვევაში არ ჩანს. ამასთან პროექტი მდინარე მტკვარზე მომრგვალებული ფორმის ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი ასევე მოიცავს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ახალი გამწვანებული ტერიტორიისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტი უმეტესწილად ვილებს დაეთმობა.
