არაბული ქვეყნების წარმომადგენლები ყველაზე ხშირად გვსტუმრობენ – “როიალ ტივი”

ბათუმიდან 15 კილომეტრში, ხელვაჩაურის რაიონში, მაჭახლისპირში მდებარე რესტორნის „როიალ ტივი“ მფლობელი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის მთავარი ტენდენცია, მათი ობიექტის მიმართ არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების გაზრდილი ინტერესია. ამის შესახებ თორნიკე დიასამიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე თქმით, რესტორანს როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ისე საერთაშორისო ტურისტები სტუმრობენ, თუმცა ბოლო წლებში უცხოელ ვიზიტორებს შორის არაბული ქვეყნების წარმომადგენლები ჭარბობენ.
„ბაზარზე უკვე მერვე წელია ვართ. მომხმარებელს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს ვთავაზობთ. ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული შეთავაზებაა ტივით გასეირნება – თუ სტუმარი რესტორანში საღამოს 7 საათზე მოვა, მას შეუძლია ნახევარი საათით უფასოდ ისარგებლოს ამ მომსახურებით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. სხვა პერიოდში გასეირნება ფასიანია.
გვყავს უკრაინელი, რუსი და ბელარუსი სტუმრებიც, თუმცა არაბული ქვეყნების წარმომადგენლები ნამდვილად ჭარბობენ. მათ განსაკუთრებით მოსწონთ კატერით გასეირნება და მსგავსი ტიპის აქტივობები“, – ამბობს დიასამიძე.
„როიალ ტივი“ სეზონურად მოქმედი ობიექტია. რესტორანი მუშაობას აპრილის შუა რიცხვებში იწყებს და ოქტომბრის ბოლომდე აგრძელებს: „რესტორანი მდინარის პირას მდებარეობს, ზამთარში კი იმდენად ცივა, რომ მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს მფლობელი.
თორნიკე დიასამიძე რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ელექტროენერგიის და ინტერნეტის მიწოდება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რაც შეეხება გეგმებს, მფლობელის თქმით, თუ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს, გაფართოებასაც განიხილავენ.