21 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროები მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სუდანში ომის დასრულების მცდელობების შესახებ, რომელშიც მან მოწოდება გამოთქვა „დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკორუბიოსთან სატელეფონო საუბრისას, სამინისტროს განცხადების თანახმად, „მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომელშიც ის მოუწოდებს ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი თავდასხმების დასრულებისკენ, და ასევე იმას, რომ ის სუდანში სტაბილურობის მიღწევის ძალისხმევით ხელმძღვანელობს“.
სუდანის არმიასთან ომში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ხშირად ადანაშაულებენ გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) მხარდაჭერაში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ბრალდებას უარყოფს.
ოქტომბერში, ქალაქ ელ-ფაშერის, დარფურის უზარმაზარ რეგიონში არმიის უკანასკნელი საყრდენის, აღების შემდეგ, RSF-მ გამოაცხადა მზადყოფნა ჰუმანიტარული ზავის მხარდაჭერის შესახებ.
გაეროს მონაცემებით, ელ-ფაშერის დაცემის შემდეგ, დარფურში ეთნიკური ნიშნით განხორციელებული ხოცვა-ჟლეტები, გაუპატიურებები, ძარცვები და მასობრივი, იძულებით გადაადგილებები მოხდა.
ომში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. სუდანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უარეს ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე კონტროლის დამყარების შემდეგ, RSF-მა ყურადღება აღმოსავლეთზე, ნავთობით მდიდარ კორდოფანის რეგიონზე გადაიტანა, სადაც რამდენიმე ქალაქი და დაბა ალყაშია მოქცეული.




