არაადამიანური მოპყრობა და წამება – HRC–ის ანგარიში და რეკომენდაციები შსს–ს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დარბევისა და მათზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს.
მონიტორინგის გუნდის შეფასებით, სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შემთხვევებიდან მრავალი არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი კი წამებას უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ სხვა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული შეკრებების მონიტორინგისას იდენტიფიცირებული უფლებადარღვევების პარალელურად, სისტემური პრობლემების სახით გამოიკვეთა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა და უფლებადამცველთა მიმართ ხელისუფლების მიერ აგორებული „შიდა მტრის“ ნარატივი, დეზინფორმაციის ბინძური კამპანია, აქციის მონაწილეთა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გამოყენებული დაშინების, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები (მათ შორის – საცხოვრებელ სახლებთან) და მუქარის შემცველი ანდა შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები. სხვა უფლებადარღვევების გარდა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა აქციის მონაწილეთა მიმართ დაკავების პროცესში, ანდა დაკავების შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები, რაც რიგ შემთხვევაში უთანაბრდებოდა წამებას,” – წერია ანგარიშში.
გავრცელებულ ანგარიშში ყურადღება ეთმობა დავით ქაცარავას, სან და ს დაკავებისა და ცემის ფაქტებს.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებით, დავით ქაცარავას წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, წამებას უტოლდება.
ამასთან, როგორც ორგანიზაცია წერს, ალეკო ელისაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში, იკვეთება დაკავების პროცესში ძალის გადამეტებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნები.
გარდა სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა, შეკრებისა და გამოხატვის უფლების განხორციელებაში უხეში ჩარევებისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ყველა სახის საპოლიციო ძალის გამოყენება პრობლემას წარმოადგენდა შეკრების ფასილიტაციის პროცესში, რამდენადაც ეს ქმნიდა ესკალაციის საფრთხეს და ხშირად – არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობასაც. საპატრულო პოლიციის გარდა, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მობილიზებულნი იყვნენ -ს სხვა დანაყოფების წარმომადგენლებიც — მათ შორის: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (შემდგომში „გდდ“), მართლწესრიგის ოფიცრები, კრიმინალური პოლიცია და სხვა. ამასთან, ზოგ შემთხვევაში, შეკრების ადგილზე იმყოფებოდნენ არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ანგარიშებიდან იკვეთება, შსს-ს ქვედანაყოფებთან აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ. ისინი იღებდნენ აქციის აქტიური მონაწილეების და ორგანიზატორების ფოტოებს და ვიდეოებს. გარდა ამისა, ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას გდდ-ს ხელმძღვანელ პირებს, რის შემდეგაც იწყებოდა აქციის მონაწილეთა მიზანმიმართული დევნა, ადმინისტრაციული დაკავება და ხშირ შემთხვევაში – ფიზიკური ძალადობა, მას შემდეგაც კი როდესაც კონკრეტული პირის დაკავების პროცესი უკვე დასრულებული იყო. დაკავების შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, 14 მაისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. დაკავებამდე ის სიტყვით მიმართავდა შეკრებილ სამართალდამცავებს, რა დროსაც მისკენ დაიძრნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები, ყოველგვარი შემხვედრი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დააკავეს და წაიყვანეს დაკავების მანქანისაკენ. მოგვიანებით კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ქაცარავა სასტიკად იყო ნაცემი თავისა და სახის არეში. ის გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. როგორც აქტივისტი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს, ხელბორკილებით შეუკრეს ხელები, მოაქციეს წრეში და დაიწყეს მისი ცემა, რაც რამდენჯერმე განმეორდა. ცემის შემდეგ მას უღებდნენ ვიდეოს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. „მოპყრობის“ სიმძიმის ხარისხის შეფასებისთვის, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოპყრობის შინაარსზე, ფორმაზე, ხანგრძლივობაზე, ფიზიკურ და სულიერ ზიანზე, ზოგჯერ კი სქესზე, ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს არამარტო ობიექტური გარემოებები, არამედ სუბიექტური შეფასება მსხვერპლის მხრიდან, ისევე, როგორც საზოგადოების დამოკიდებულება და ტოლერანტობის ხარისხი ამა თუ იმ აქტის მიმართ. შესაბამისად, დავით ქაცარავას წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, უტოლდება წამებას. დაკავების დროს, ასევე, სასტიკად სცემეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს – ლევან ხაბეიშვილს, და პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს – ალეკო ელისაშვილს. ორივე შემთხვევაში იკვეთება დაკავების პროცესში ძალის გადამეტებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.” – აღნიშნულია ანგარიშში.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეკომენდაციებით მიმართავს:
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ რეკომენდაციით: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: აქციის ფასილიტაციის პროცესში ჩართოს მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის მქონე დანაყოფები და აქციის ფასილიტაციისთვის გადამზადებული კადრები; არ დაუშვას აქციის მონაწილეთა მიმართ „დევნის ოპერაციები“, მათი ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დათრგუნვის მიზნით, რაც იქონიებს მსუსხავ ეფექტს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე; აღმოფხვრას აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალადობა დაკავების პროცესში და დაკავების შემდგომ; დაემორჩილოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უნივერსალურ აკრძალვას აქციის ფასილიტაციის პროცესში, აქციის მონაწილეთა დაკავებისა და დაკავების შემდგომ პერიოდში; პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და არ დაუშვას საპროტესტო აქციების დაშლა ლეგიტიმური მიზნისა და კანონით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე; დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს შეკრების ფასილიტაციის პროცესში და არ დაუშვას სპეციალური საშუალებების გამოყენება არაპროპორციულად, კანონის მიერ განსაზღვრული საფუძვლისა და ლეგიტიმური მიზნის გარეშე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: უზრუნველყოს შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება; უზრუნველყოს შსს-ს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების გამოძიება; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად, პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ”.

ასევე დაგაინტერესებთ