პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.
კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. შესაბამისად, ომბუდსმენისა და გენერალური აუდიტორის ანაზღაურებებიც იზრდება.
როგორც პროექტში იყო აღნიშნული, მათ ანაზღაურება 2024 წლის 1-ლი აპრილიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვარით განისაზღვრება, რაც 9-ს შეადგენს.
შესაბამისად, გამოდის რომ ცვლილებით 1-ლი აპრილიდან სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის ხელფასები თვეში 11 970 ლარი იქნება. (20%-იანი საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ კი – 9 576 ლარი). წლიურ ჭრილში ეს დაახლოებით, 115 ათას ლარამდეა (საშემოსავლოს გამოკლებით).
შედარებისთვის, ცვლილებამდე არსებული მონაცემებით, ქონებრივი დეკლარაციების ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის ანზღაურება თვეში 4-5 ათასი, გენერალური აუდიტორის კი 5-6 ათასი ლარის ფარგლებში იყო.
bpn.ge
